ახალი ამბები

კალაძემ თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ვადების წარსადგენად დრო დღის ბოლომდე მისცა

12 იანვარი, 2018 • 2535
კალაძემ თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ვადების წარსადგენად დრო დღის ბოლომდე მისცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტს” დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭირო ვადების წარსდგენად დროს დღის ბოლომდე მისცა:

“ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია “სითი ინსტიტუტმა” და ამ პროცესში, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად, ჩვენ ქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას.

ჩვენ ჩვენი მხრივ, მერია და მერიის მთელი სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომ გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა, რათა იქნეს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებებს” – განაცხადა კახა კალაძემ დღეს, 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კონტრაქტორ ფირმას მერიამ რამდენჯერმე მიმართა და გააცნო თავისი პოზიცია, თუმცა მათ მიერ წარდგენილი გეგმის მეექვსე, დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

“კონტრაქტორ კომპანიას, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა, სამწუხაროდ, გენგეგმის მეექვსე დასკვნითი დოკუმენტი  ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. მინდა გაცნობოთ, ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია “სითი ინსტიტუტის” მიერ შემუშავებულ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს. ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი” – განმარტავს კახა კალაძე.

მერიას “სითი ინსტიტუტთან” შენიშვნები ადრეც ჰქონდა. 2017 წლის დეკმებერში მერიამ ორგანიზაცია 145 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი მერიის მიერ ორგანიზაციის დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები იყო, რომლებიც ძირითადად ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა. მაშინ ხარვეზების გამოსასწორებლად “სითი ინსტიტუტს” 10-დღიანი ვადა მიეცა. 

“სითი ინსტიტუტმა “თბილისის გენერალური გეგმის მოსამზადებლად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ ორგანიზაციას 2 800 000 ლარი გამოუყო. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ დოკუმენტი ქალაქის მთავრობას მიმდინარე 2017 წლის  აპრილში უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ამ დრომდე არ არის მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი