ზვიად რატიანის საქმეზე მწერლები”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საბჭოს შეხვედრას სთხოვენ

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით მწერლები და გამომცემელთა ჯგუფი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მიმართავს და შეხვედრას სთხოვს. მიმართვის ავტორების განცხადებით, შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის და მისი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით უნდა შედგეს:

“24 დეკემბერს პოეტი ზვიად რატიანი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა. პოლიციელებმა მას უმოწყალოდ სცემეს. დამნაშავეების დასჯის მაგივრად სახელმწიფომ მერამდენედ სცადა მსხვერპლის დამნაშავედ ქცევა. დაიწყო ზვიად რატიანის დისკრედიტაციის კამპანია. ამ კამპანიაში 2017 წლის 27 დეკემბერს სამარცხვინოდ ჩაერთო “საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი ტელევიზია, რომელმაც უკომენტაროდ გაუშვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაბრიკაცია: რამდენიმესაათიანი ვიდეომასალის სამწუთნახევარიანი ფრაგმენტი. ამ დამონტაჟებული ფრაგმენტის გამოქვეყნებით, მაუწყებელმა არაერთი მოქალაქის აგრესია ზვიად რატიანისკენ მიმართა, რითაც საფრთხე შეექმნა თავად მას და მისივე ოჯახის უსაფრთხოებას.

2017 წლის 29 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიუღებლად მიიჩნია ამ მასალის გაშვება. სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ, ბატონმა გრიგოლ გოგელიამ განაცხადა: „ბორდი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება და რეზონანსი, ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა.“

ამავე პოზიციაზეა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოც: მისი 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

ჩვენ ვეთანხმებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეფასებას, თუმცა მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ თეორიული პასუხისმგებლობის აღებას პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია, რაც ძალიან არასახარბიელოდ აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალ მუშაობაზე და მის რეპუტაციაზე. მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობა, კონკრეტული დაქმედითი ნაბიჯების გარეშე, არაფერს ნიშნავს.

ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის და მისი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით შეგვხვდეს მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფს არაუგვიანეს ამა წლის 6 იანვრისა”,- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

განცხადებას ხელს აწერენ: თინათინ მამულაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ტორესა მოსი, გვანცა ჯობავა, მარიამ სამადაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, არჩილ ქიქოძე, პაატა შამუგია, ნესტან კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ხათუნა ცხადაძე, ზვიად კვარაცხელია, ანი კოპალიანი, ბელა ჩეკურიშვილი, ხათუნა თავდგირიძე, მაკა ლდოკონენი, ნინო სადღობელაშვილი, დიანა ანფიმიადი, ზაზა კოშკაძე, ივა ფეზუაშვილი,მიხო მოსულიშვილი, შოთა იათაშვილი, ნატო ალხაზიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი


ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com