კიევის სასამართლომ სააკაშვილს უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე

კიევის საოლქო სასამართლომ არ გააუქმა  უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის უარი სააკაშვილისთვის დევნილის ან “დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის” სტატუსის მინიჭებაზე. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN წერს.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა 2017 წლის 1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა “დამატებითი დაცვის საჭორიების მქონე პირის” სტატუსის მინიჭებაზე, რაც სააკაშვილმა კიევის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.  გამოცემის თანახმად, სასამართლომ სარჩელი განიხილა, თუმცა  არ დააკმაყოფილა. მისი გასაჩივრება საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და “რუხ ნოვის სილის” ლიდერს სააპელაციო სასამართლოში შეეძლება. 

3 იანვარს  სააკაშვილის საქმე  კიევის სააპელაციო სასამართლოშიც განიხილეს, თუმცა მოსამართლემ  მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განხილვა 11 იანვრამდე გადადგო.


კიევის სააპელაციო სასამართლოს პარალელურად  თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის  საქმეში სააკაშვილის ბრალეულობა განიხილა. პროცესზე დაცვის მხარის დასკვინით სიტყვის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა, თუმცა გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, მოსამართლე გადაწყვეტილებას მისი მიღებისთანავე აცნობებს ორივე მხარეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან