ახალი ამბები

საპროტესტო ტალღის ქვეშ – ირანის მოვლენათა ქრონოლოგია, შეფასებები და პროგნოზები

4 იანვარი, 2018 • 3675
საპროტესტო ტალღის ქვეშ – ირანის მოვლენათა ქრონოლოგია, შეფასებები და პროგნოზები

3 იანვარს, დღის განმავლობაში, ირანის რამდენიმე ქალაქში მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაციები მიმდინარეობდა. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხრეების მასობრივი შეკრებები ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო კამპანიის საპასუხოდ დაგეგმა, რომელიც კვირაზე მეტი ხანს გრძელდება. ქვეყნის რევოლუციური გვარდიის მეთაურის განცხადების მიხედვით, რომელსაც BBC ავრცელებს, “აჯანყების მცდელობა” აღკვეთილია.

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, სოციალური ქსელების მეშვეობით კვლავ ვრცელდება ადგილობრივი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელთა ავტორებიც ამტკიცებენ, რომ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, ირანის მასშტაბით მიმდინარე არეულობის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის 1 პოლიციელია. გასული დღეების განმავლობაში ირანის ქალაქების ნაწილში აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა რიგ შემთხვევებში პოლიციასთან შეტაკებებით სრულდებოდა: დემონსტრანტები უტევდნენ მუნიციპალურ შენობებს, ბანკებსა და პოლიციის განყოფილებებს, საპასუხოდ კი რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და სამხედრო მოხალისეთა გაერთიანება “ბასიჯის” შენაერთები მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებდნენ.

როგორ დაიწყო პროტესტი? – მოვლენათა ქრონოლოგია

პირველი ცნობები ირანის ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მაშჰადში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შესახებ 28 დეკემბერს გავრცელდა. რამდენიმე ასეული ადამიანი პროდუქტის გაძვირებასა და მთავრობის არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა.  BBC ამავე დღეს იუწყებოდა, რომ აქციებზე ისმოდა შეძახილები: “სიკვდილი დიქტატორს!”, “სიკვდილი [პრეზიდენტ] რუჰანის!”

29 დეკემბერს პროტესტმა, რომელსაც უკვე მეტად ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი, ქვეყნის სხვა ქალაქები – ყუმი, ისპაჰანი, ზაჰედანი, ასევე დედაქალაქი თეირანი მოიცვა. დემონსტრანტებმა უკვე ღიად დაიწყეს პროტესტის გამოხატვა ქვეყნის მმართველობაში რელიგიურ ლიდერთა გავლენის, ასევე ირანის საგარეო კურსის წინააღმდეგ. გაჩნდა ლოზუნგები: “სიკვდილი აიათოლა ალი ხამენეის”, “არც ღაზა და არც ლიბანი, ჩემი ცხოვრებაა ირანი”, “მოვკვდებით და დავიბრუნებთ ოკუპირებულ ირანს” და ა.შ.
ამავე დღეს გავრცელდა ცნობები დასავლეთ ირანის ქალაქ ქერმანშაჰში მიმდინარე შეტაკებების შესახებ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის; ასევე კადრი, რომელიც პროტესტის სიმბოლოდ იქცა – ქალი თეთრი დროშით ჰიჯაბის გარეშე.

30 დეკემბერს პროტესტს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, პირველი მსხვერპლი მოჰყვა – ლორესტანის პროვინციის ქალაქ დორუდში სროლას 2 დემონსტრანტი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები მომხდარში პოლიციას, ადგილობრივი ხელისუფლება კი “გარე ძალებს” ადანაშაულებდა. დორუდის მსგავსად, არეულობები აბჰარში, ქერმანშაჰში, მაშჰადსა და სხვა ქალაქებშიც დაიწყო – აქციის მონაწილეები წვავდნენ პოლიციის მანქანებსა და განყოფილებებს, მუნიციპალურ შენობებს.  ამავე დღეს ხელისუფლება პროსამთავრობო გამოსვლებს უწევს ორგანიზებას, რომლებსაც მსხვილ ქალაქებში ათასობით ადამიანი ესწრება.

31 დეკემბერს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოციალური ქსელები “ინსტაგრამი” და “ტელეგრამი” იბლოკება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სოც. ქსელების “არასწორი გამოყენებით” გარკვეული ძალები საზოგადოებაში შიშსა და დაძაბულობას თესავენ. მისივე თქმით, ისინი აღნიშნულისთვის “შესაბამის ფასს გადაიხდიან”. ამავე დღეს პირველ კომენტარს აკეთებს ირანის პრეზიდენტი – ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ყველა ირანელს აქვს პროტესტის უფლება, თუმცა ის ძალადობაში არ უნდა გადაიზარდოს.

2018 წლის პირველ დღეს მსხვერპლის რიცხვი ათამდე იზრდება.  ყველაზე მეტი – 6 ადამიანი ირანის დასავლეთით, ქალაქ თიუსერქანში დაიღუპა. არეულობა გრძელდება სხვა ქალაქებში, რომელთაგან არაერთში სულიერი ლიდერის – ალი ხამენეის ბილბორდები გაანადგურეს.

“მტერი ყოველთვის ეძებს შესაძლებლობას, შეარყიოს ირანელი ერი”, – ასე გამოეხმაურა ირანის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი საპროტესტო ტალღას 2 იანვარს. პარალელურად, მსხვერპლის რაოდენობა 22-მდე იზრდება. BBC-ის რუკის მიხედვით, პროტესტის არეალი იკლებს, თუმცა მსხვილ ქალაქებში, მათ შორის თეირანში, ისპაჰანში, მაშჰადსა და ყუმში აქციები გრძელდება.

3 იანვარს ხელისუფლება კიდევ ერთ პროსამთავრობო კამპანიას უწევს ორგანიზებას– ირანის მსხვილი ქალაქების ქუჩებში ხელისუფლების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. რევოლუციური გვარდიის მეთაურმა განაცხადა, რომ ანტისამთავრობო პროტესტი, მეტწილად, აღკვეთილია, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ირანის რამდენიმე ქალაქში პროტესტი და არეულობა გრძელდება.

საერთაშორისო ლიდერების გამოხმაურება საპროტესტო კვირაზე ირანში

ერთ-ერთი ბოლო სიგნალი ევროპიდან ირანში განვითარებულ მოვლენებზე საფრანგეთიდან გაისმა. 3 იანვარს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სიტყვისა და პროტესტის თავისუფლება ქვეყანაში გარანტირებული უნდა იყოს. რუჰანიმ კი მაკრონს პარიზში მოქმედი “მუჯაჰედთა ქსელის” განეიტრალება სთხოვა. ამავე დროს, გაუქმდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ირანში.

მანამდე, 31 დეკემბერს ირანში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. “ტვიტერის” მიკრობლოგზე ტრამპმა ოფიციალური თეირანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აშშ აღნიშნულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება:“ხალხი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ მათ ფულსა და სიმდიდრეს იპარავენ და ტერორიზმის მხარდაჭერას ახმარენ. ჩანს, რომ ისინი მეტს აღარ მოითმენენ. აშშ ყურადღებით აკვირდება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს”.

პროტესტის მიზეზები და შესაძლო განვითარება – ექსპერტების შეფასებები საქართველოსა და მის გარეთ

BBC-ის სპარსულმა ბიურომ ერთ-ერთი ბოლო გამოძიებით დაადგინა, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ბოლო 10 წლის მანძილზე 15%-ით გაუარესდა. ირანის სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს ირანელთა 12.4%, ე.ი. 3.2 მილიონი ადამიანი იყო უმუშევარი(2016 წელთან შედარებით 1.4%-ით მეტი). თუმცა, ზოგიერთ ქალაქში აღნიშნული მაჩვენებელი 60%-მდეც ადის.

ანალიტიკოსების თქმით, ირანის მოსახლეობაში იყო მოლოდინი, რომ 2015 წელს მიღწეული “ბირთვული შეთანხმებისა” და სანქციების მოხსნის შემდეგ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობა გაიზრდებოდა, რაც მეტწილად არ გამართლდა.

“მთავრობა კორუმპირებულია, იზრდება უთანასწორობა, რაც მოსახლეობაში უსამართლობის განცდას აჩენს. ეს იმ სისტემის დამსახურებაა, რომელიც 1979 წლის რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა და  ხალხისთვის სამართლიანობა უნდა მოეტანა, თუმცა, საბოლოოდ, მარცხი განიცადა”, – აღნიშნა საერთაშორისო ანალიტიკოსმა და მკვლევარმა ირანის საკითხებში ალირეზა ნადერმა.

ირანში მიმდინარე მოვლენებს ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ეკა აკობია ფიქრობს, რომ მიუხედავად პრეზიდენტ რუჰანის რეფორმატორული საქმიანობისა, ცვლილებების ტემპი სწრაფი და ეფექტური არ აღმოჩნდა, რაც ხალხის განწყობებზე აისახა. აკობიას აზრით, შეცდომები დაიშვა როგორც ირანის ხელისფულების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

“იმის გამო, რომ ბევრ ევროპულ ბიზნესს აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებთან აქვს მჭიდრო კავშირები, “ბირთვული შეთანხმების” შედეგად პოზიტიურმა ინერციამ, მთავრობებისა და ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, ტემპი ვერ აკრიფა. შესაბამისად, ირანის ეკონომიკა ისე არ განვითარდა, როგორც ივარაუდებოდა; ინვესტიციები იმდენი არ შემოვიდა, რამდენზე გათვლაც რუჰანის ჰქონდა. ამას და შიგნით არსებულ კორუფციას მოჰყვა რუჰანის ამომრჩევლების დიდი იმედეგაცრუება.

გარე სახელმწიფოებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ არ არსებობს ნაციონალიზმზე უფრო ძლიერი იდეოლოგია! ამიტომ ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს მოზომილი, არ უნდა ატარებდეს “ჩარევის” ან გარედან პროცესების კარნახის ფორმას”.

2009 – 2017 – პარალელები და განსხვავებები

საპროტესტო კამპანია ირანში 2009 წელს განვითარებული მოვლენების 8 წლისთავს დაემთხვა. მაშინ ე.წ. “მწვანე მოძრაობის” მილიონობით აქტივისტი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, რომლის ძალითაც ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს მაჰმუდ აჰმადინეჯადი. სისხლიან პროტესტს, რომელიც მასშტაბებით ყველაზე დიდი იყო 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 30 ადამიანი შეეწირა.

მიუხედავად პარალელებისა, პროტესტის ორი ტალღა რამდენადმე განსხვავდება – 2009 წლისგან განსხვავებით, ამჟამად მიმდინარე მოვლენებს გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავს და მასშტაბებიც გაცილებით მცირეა. თუმცა, მეტად ხისტია მოთხოვნები და ლოზუნგები, რომელთაც აქციის მონაწილეები ახმიანებენ, შემდეგ კი სოცქსელების მეშვეობით მთელ მსოფლიოს აწვდიან; მსოფლიოს, რომელიც ელის, როგორ გაგრძელდება და დასრულდება სპონტანურად დაწყებული “ტელეგრამის რევოლუცია”, როგორც გამოცემა “პოლიტიკომ” უწოდა მას პროცესებში სოციალური ქსელების მზარდი როლიდან გამომდინარე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი