ილუსტრაციებისთვის დევნილი

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრისა და კრიტიკის გამო მხოლოდ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს არ დევნის. 35 წლის აზერბაიჯანელი ილუსტრატორი გიუნდუზ აგაევი დაპატიმრებას გადაურჩა, თუმცა პოლიტიკური ილუსტრაციების გამო საქმიანობას დღეს საფრანგეთში აგრძელებს. აზერბაიჯანი რამდენიმე წლის წინ დატოვა. ცხოვრება საქართველოშიც სცადა, თუმცა ეს ქვეყანა უსაფრთხო არც მისთვის აღმოჩნდა.

„საღებავების გარემოცვაში დავიბადე, ქვეყნის შუაგულში, ქალაქ ბილიასუვარში. მამაჩემი ერთი პროვინციელი, საბჭოთა მხატვარი იყო. მე და ჩემს ძმას სათამაშოების ნაცვლად ტილო, საღებავი და ფუნჯები გვქონდა. საღებავით განწყობის გამოხატვა ჯერ კიდევ მაშინ ვისწავლე.

საბჭოთა წლებში ეს იყო აქტიური ქალაქი, თავისი ბამბის წარმოებითა და კულტურული ცხოვრებით. ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობდა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქალაქის კულტურული ცხოვრებაც გაქრა. დაინგრა კულტურის სახლები და ცენტრები, ხელოვნების სახლები ჩაიხანებად გადააკეთეს, სადაც დეპრესიაში მყოფი უმუშევარი კაცები საათობით ისხდნენ. ამ ყველაფერმა ჩემს ცნობიერებაში გარკვეული კვალი დატოვა, რომელიც დროთა განმავლობაში რაღაც სხვაში გადაიზარდა“ ყვება გიუნდაზი.

კარიკატურების ხატვა 30 წლიდან დაიწყო

ის ხშირად ხატავს პოლიტიკოსებს, დიქტატორებსა და მსოფლიო ლიდერებს, ბევრ ყურადღებას უთმობს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, თუმცა ამბობს, რომ საყვარელი და პრიორიტეტული თემები არ აქვს:

„ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე, გარშემომყოფებზე ან, უბრალოდ, იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩემთვის სულშიჩამწვდომია. ასევე ვაფასებ ჩემი მეგობრების იდეებს, მათ შორის არიან მწერლები, კომპოზიტორები, მესვეტეები. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ და ასე იბადება საინტერესო იდეებიც. თქვენ გეჩვენებათ, რომ ჩემი ძირითადი თემა პოლიტიკაა იმიტომ, რომ სწორედ კარიკატურების ეს ციკლი ხდება ხოლმე პოპულარული“.

პოლიტიკურის გარდა, ასეულობით სხვა ნამუშევარი აქვს. ისინი ლოკალური აუდიტორიისთვის უფრო საინტერესო და გასაგებია.

2015 წელს მსოფლიო პოლიტიკის ტრენდებზე  – „წმინდა სელფიმისი ნამუშევრები გამოვიდა, შემდგეგ კი, „ტრანსფორმერები“, სადაც იგი მსოფლიო ლიდერებს წარმოაჩენდა, როგორც ტრანსფორმერ მანქანებს

ასევე, მისი ნამუშევრებიდან დიდი პოპულარობით სარგრბლობდა თემიდას სერია, თუ როგორ ექცევიან სამართლიანობის ქალღმერთს.

„რეაგირება მაქვს ყველაფერზე, რაც მსოფლიოში ხდება და ამიტომაც მხატვარ აქტივისტად მიმიჩნევენ“, ამბობს გიუნდუზი.

2014 წლიდან გიუნდუზი აზერბაიჯანში აკრძალულ ონლაინტელევიზია Meydan.tvთან თანამშრომლობს, ასევე – რადიო „თავისუფლების“ ბაქოს ოფისთან. მხოლოდ მედიაგამოცემებისთვის წელიწადში ასეულობით კარიკატურას ხატავს. სწორედ ამ თანამშრომლობის შემდეგ გაუჩნდა მას პირველად პრობლემები აზერბაიჯანში. იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და, როგორც აზერბაიჯანიდან განსხვავებული აზრის გამო დევნილმა ბევრმა მოქალაქემ, ცხოვრება საქართველოში სცადა. თუმცა სამ თვეში ეს ქვეყანაც დატოვა, როდესაც საქართველოს შს სამინისტროდან დაურეკეს და შეხვედრაზე დაიბარეს. ამ ზარიდან მალევე მეყდან.ტვის ხელმძღვანელობამ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ რისკების თავიდან ასაცილებლად ის სასწრაფოდ უკრაინაში გაამგზავრეს. მოგვიანებით, როდესაც თბილისიდან გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბაქოში გაიტაცეს, დარწმუნდნენ, რომ გამგზავრების შესახებ მათი ეს გადაწყვეტილება მართებული აღმოჩნდა.

გიუნდუზი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.

„ზოგადად, პარიზში ხელოვნება, შეიძლება ითქვას, დუღს. უფრო მეტიც, აქ ყველაფერში ხელოვნების სულია. ამ ქალაქში იმდენი თავისუფლებაა, სიტყვებით ვერც გადმოვცემ. ეს ყველა პოლიტიკურ მანიფესტში, კაფესა თუ ქუჩაში იგრძნობა. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, ფრანგები ხელოვნებით იკვებებიან“, ამბობს ის.

როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება იმ შემთხვევაში, საფრანგეთში რომ დაბადებულიყო და არა აზერბაიჯანში, ამაზეც ბევრი უფიქრია.

„მგონი, საფრანგეთში რომ დავბადებულიყავი და აქ გამეტარებინა ახალგაზრდობა, ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. საფრანგეთის საზოგადოება იმ ეტაპზეა, როდესაც ხანდაზმული ფრანგები, რომლებიც 1968 წლის სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობდნენ, დღეს ახალ თაობას ტელევიზიებით კიცხავენ და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ერთერთი მათგანი ჩემი ფრანგული ენის მასწავლებელი იყო. ეს ადამიანი დღეს 74 წლისაა და გაოცებული ვიყავი მისი ენერგიითა და თავისუფლების გრძნობით“.

აქამდე არასდროს უფიქრია სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე.

„აზერბაიჯანში ბოლო ზეწოლის დროს ქუჩაში ტყვედ ამიყვანეს და მერე გამიშვეს იმ პირობით, რომ კარიკატურებს აღარ დავხატავდი, წინააღმდეგ შემთხვევაში დამაპატიმრებდნენ. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემთვის თავისუფალი სიტყვის წართმევა. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და მასთან ადაპტირება ჩემთვის გაუსაძლისი გახდა. ამიტომაც დავტოვე ქვეყანა, რომ მუშაობა თავისუფალ სივრცეში გამეგრძელებინა“.

როგორ ხედავს დღევანდელ აზერბაიჯანს?

„ახალგაზრდებისთვის კეთილსაიმედო გარემოს არარსებობა, დახურული სისტემა და მენტალიტეტი, რომელიც აზერბაიჯანის საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი, ახალგაზრდებს თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. მათ მუდმივად ვიღაც დევნისსისტემა, საზოგადოება, ანდა თავად მათივე მშობლები. ამ სამივე რგოლის მიზანია აკრძალვა“.

მისი ადრეული ახალგაზრდობის, სტუდენტობისა და შემოქმედების პირველი წლები ძირითადად ბაქოსთან არის დაკავშირებული:

„თუკი არ გავითვალისწინებთ გარ­კვეულ მომენტებს, ეს კარგი დრო იყო. სირთულეებიც იყო. მაგალითად, ექვსი წლის განმავლობაში ვქირაობდი სახელოსნოს ავარიულ შენობაში და ყოველდღე ჭერის პატარა ნაწილი გვეცემოდა, მაგრამ იძულებული ვიყავით იქ დავრჩენილიყავით, რადგან იმ დროს სახელოსნოს მოძებნა რთული და ძვირი იყო“.

ახლა, ამ გადმოსახედიდან ფიქრობს, რომ მასაც და მის თანამოაზრეებსაც მაშინ თავისუფლება, პროტესტის გრძნობა და ინდივიდუალობაც აკლდათ.

„გვინდოდა, რომ ვიღაცის საკუთრება ვყოფილიყავით. მაგალითად, რომელიღაც გალერეის მფლობელი ჩვენგან ძალიან შეუსაბამო სამუშაოს ითხოვდა. ამის მიუხედავად, ბევრი მხატვარი ცდილობდა იქ მოხვედრას. გვეჩვენებოდა, რომ სხვა გზა არც იყო. მოგვიანებით კი შევხვდი მწერლებს, პოეტებს, კომპოზიტორებს და ვიგრძენი განსხვავება მხატვრებსა და მათ შორის. თითქოს რაღაც ძალა გვყოფდა. ეს განსხვავება იყო პროტესტის გრძნობა, რასაც ახალგაზრდა მწერლებში ვხედავდი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გიუნელ მევლუდი