საქართველოში პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზების ძიება და ანალიზი

1 დეკემბერს, თბილისის ცენტრში – ხორავას ქუჩაზე, ძალადობრივი ინცინდენტის დროს დაჭრილი ორი სკოლის მოსწავლე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. წინა დღეს კი, 30 ნოემბერს, აზერბაიჯანში, ბელაქნის რაიონის სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმის მოსმენა დასრულდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მაისში გაიტაცეს, რაშიც, როგორც ვარაუდობენ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წევრების ხელიც ერია. ეს ორი, ერთი შეხედვით, თითქოსდა ურთიერთკავშირის არმქონე მოვლენა სინამდვილეში რამდენიმე თვალსაზრისით უკავშირდება ერთმანეთს.

3 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ თბილისის ცენტრში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე სამართალდამცავების მიერ დაახლოებით 150–მდე დაკითხული ადამიანიდან (მათ შორის- გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბიჭების მშობლები, ოჯახის წევრები და კანონიერი წარმომადგენლები) მხოლოდ მცირე რაოდენობამ ითანამშრომლა გამოძიებასთან. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სოციალური ქსელის – ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ინციდენტის 15 უშუალო მოწმიდან არცერთი ესაუბრა პოლიციას და არ გაამხილა მკვლელის ვინაობა. ამ ბლოგპოსტში პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის თემას შევეხები და დავასაბუთებ, რომ ძირითადი პრობლემა ფორმალური ძალაუფლების მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებული უნდობლობაა.

კანონმორჩილების შესახებ არსებული ლიტერატურა განასხვავებს: პირველი, იძულებით კანონმორჩილებას, რომელიც დაფუძნებულია რეპრესიულ სოციალურ კონტროლზე და მეორე, ნორმატიულ კანონმორჩილებას, რომელიც ეფუძნება კანონის და პოლიციის ლეგიტიმურობის აღქმას/აღიარებას. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კანონმორჩილება ძირითადად პირველ ფორმაზე იყო ორიენტირებული. კანონისადმი უპატივცემულობას პოლიცია „დანაშაულის მიმართ მკაცრი“ მიდგომით უმკლავდებოდა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარის თქმას და დუმილს, ბრალის აღიარების შესახებ გარიგებების მეშვეობით აგვარებდა. ამ პოლიტიკის შედეგად დანაშაულის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ნებაყოფლობითი კანონმორჩილების თვალსაზრისით, რაც საზოგადოების მიერ პოლიციის, როგორც ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტის აღიარებას ეფუძნება, ასეთი მიდგომა წარმატებული არ აღმოჩნდა. როგორც ახლახან გამოცემულ სტატიაში მე და გევინ სლეიდმა ვაჩვენეთ, „მენტალობის ცვლილება“ სურვილად დარჩა.

ქართული ოცნების მთავრობამ დანაშაულის მიმართ უფრო შემწყნარებლური მიდგომა აირჩია და მასობრივი ამნისტიები გამოაცხადა. თუმცა მან იგივე შეცდომა დაუშვა, როდესაც ეს მიდგომა გრძელვადიანი ეფექტის მისაღებად მიმართული პოლიტიკით (სამოქალაქო განათლება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასა და საზოგადოებას შორის  კავშირების განვითარება, და სხვ.) არ სრულყო. შედეგად, პოლიციის მიმართ ნდობა, ისევე როგორც მისი ლეგიტიმურობის აღქმის დონე, საგრძნობლად შემცირდა. 2017 წლის აპრილისთვის ქართველების მხოლოდ 37-მა პროცენტმა შეაფასა პოლიციის საქმიანობა როგორც „კარგი“ ან „ძალიან კარგი“, მაშინ, როცა 2013 წლის ნოემბერში ეს მონაცემი 60 პროცენტს უტოლდებოდა. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ დანაშაულის დონემ იმატა და თბილისის უბნებში ძალთა ბალანსი დამნაშავისკენ, მის სასარგებლოდ გადაიხარა. მოკლედ რომ ვთქვათ, არც ნულოვანმა ტოლერანტობამ და არც შედარებით შემწყნარებლურმა პოლიტიკამ პოლიციის მიმართ ნდობა არ გაზარდა. მაშინ, როცა ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიციასთან მოქალაქეების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საყრდენია.

2015 წელს ჩემი და პროფ. თომას ზაიცოვის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად დამნაშავეთა სამყაროზე განცხადებული გამარჯვებისა, პროფესიონალი დამნაშავეები საზოგადოებაში გარკვეული მხარდაჭერით ჯერ კიდევ სარგებლობენ. რესპონდენტების 21 პროცენტი (1,200 გამოკითხული თბილისში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში) დაეთანხმა ან სრულიად დაეთანხმა მოსაზრებას, რომ: „საერთო ჯამში, კანონიერმა ქურდებმა უფრო მეტი კარგი გააკეთეს თავიანთი უბნებისთვის, ვიდრე ცუდი“, 34 პროცენტი კი არ დაეთანხმა ან სრულიად არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას (20-მა პროცენტმა უპასუხა „არც ვეთანხმები და არც ვუარყოფ, ხოლო 23-მა პროცენტმა – „არ ვიცი“). თუმცა უფრო მეტად გასაკვირი იყო შემდეგ მტკიცებაზე პასუხები: „პოლიციაში არასდროს უნდა დაასმინო ადამიანი მაშინაც კი, თუ რაიმე ცუდის თვითმხილველი ხარ.“ რესპონდენტების 40 პროცენტი ან დაეთანხმა ან სრულიად დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას, მაშინ, როცა 23 პროცენტი არ დაეთანხმა ან სრულიად არ დაეთანხმა მას (27 პროცენტი არც დაეთანხმა და არც უარყო, ცხრა პროცენტმა კი უპასუხა „არ ვიცი“).

მართლაც, „დამსმენებისადმი“ ანტიპათია კრიმინალური სამყაროს, ე.წ „კანონიერი ქურდების“ ქცევის კოდექსთანაა კავშირში. დუმილის კანონი ისეთი ტრადიციული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ იქნა იძულებით გამოყენებული, როგორებიცაა „სიცილიური მაფია“, „იაპონური იაკუზა“ და სხვადასხვა ურბანული ბანდები. საზოგადოებებში, სადაც ორგანიზებულმა დანაშაულმა წარმატებით ჩაანაცვლა სახელმწიფო, როგორც არბიტრი და დავების მომგვარებელი, კრიმინალური წესები დომინანტური გახდა. თუმცა ეს ყოველივე დამნაშავეთა გავლენას აღემატება. ეს მხოლოდ იმ პირებს არ ეხებათ, რომლებმაც ქცევის დანაშაულებრივი ნორმების ინტერნალიზაცია მოახდინეს. როგორც ერთმა მკვლევარმა დაწერა, დასმენა შესაძლოა განიხილებოდეს როგორც „არაკაცობის“ ნიშანი. ამ ნარატივის მიხედვით, „კაცი უნდა იყოს კაცი, ჰქონდეს მორალის კანონები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის უნარიც ხშირად ამ ყოველივეს ნაწილია.“ საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული მკვლევარი მსოფლიოში ერთერთ ყველაზე კანონმორჩილ საზოგადოებაზე – ნორვეგიელებზე და ნორვეგიულ კონტექსტზე საუბრობს. არაერთმა სხვა კვლევამ იპოვა „ქუჩის კოდექსის“ არსებობის დასტური ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა, მათ შორის, აშშ და დიდი ბრიტანეთი, სადაც პოლიციასთან თანამშრომლობასა და მის დახმარებაზე უარის თქმა ამა თუ იმ პიროვნების პატივისცემის, ავტონომიისა და მამაკაცურობის პოზიციის შენარჩუნების ნაწილად განიხილება.

როგორც მერტონის „დაძაბულობის“ თეორია პროგნოზირებს, დასმენა განსაკუთრებით მიუღებელია სეგრეგირებულ და დასუსტებულ, გაღარიბებულ საზოგადოების სეგმენტში, რომელიც თავს სახელმწიფოსგან გაუცხოებულად გრძნობს და სახელმწიფოსადმი ლოიალურობას რომელიმე ერთობის მიმართ ლოიალურობას ამჯობინეს. ასეთ საზოგადოებებში, სოციალური უთანასწორობის და არახელსაყრელ პირობებში, ყოფის საერთო გამოცდილება აერთიანებს ახალგაზრდებს და იმ გზაზე აყენებს, რომელსაც ისინი საზოგადოების ძირითადი ნაწილის მიერ გაზიარებული ნორმატიული ღირებულებების უარყოფამდე მიჰყავს. აშშ-ში, აფრო-ამერიკელებით დომინატურ საზოგადოებებში, მაგალითად, შორეულზე მეტად (მათი სახელმწიფო) ნაცნობისთვის (მათი უბანი/სამეზობლო) უპირატესობის მინიჭება და მათთვის ცნობილი დამნაშავის შესახებ პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ჩვეული მოვლენაა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მემკვიდრეობის და მისი შედეგის – მოქალაქეების სახელმწიფოსგან გაუცხოების კონტექსტში, მერტონის თეორიის გამოყენება დასმენის საწინააღმდეგოდ მიმართული ქცევის ახსნის მიზნით შესაძლებელია. თუმცა ასეთ არგუმენტაციაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ნაკლებად ცხადია. ასეა ნაწილობრივ იმიტომ, რომ სინამდვილეში საბჭოელები თვითონ ახდენდნენ დასმენის (“donositelstvo”) წახალისებას და იმის გამოც, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის გამოძიებაში  მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელმაც პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, 2000-იან წლებში, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან ბევრად გვიან არის დაბადებული.

ამდენად, ქურდული კანონების გავლენაზე ყურადღების გამახვილების (არ გამოგვადგება, რადგან დასმენა არ არის წახალისებული არც სხვა სოციალურ კონტექსტებში) და ნორმატიული არგუმენტის (რაც ასევე ვერ დაგვეხმარება, რადგან ტავტოლოგიურია: რატომ არ თანაშრომლობს ხალხი პოლიციასთან? იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ თანამშრომლობის) მიღმა ფიქრის ნაცვლად, უმჯობესია თანამშრომლობაზე უარის თქმაზე, როგორც „ცუდ წონასწორობაზე(ეკვილიბრიუმზე)“ ვიმსჯელოთ და დავსვათ კითხვა, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ მას თავი.

თანამშრომლობაზე უარის თქმა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნეშის კვაზი-ოპტიმალური წონასწორობა, სადაც არავინ თანამშრომლობს, რადგან ყველას სჯერა, რომ სხვა დანარჩენებიც არ თანამშრომლობენ. შესაძლოა, ზოგს (თუ არა უმეტესობას) კარგად ესმოდეს, რომ მათი თანამშრომლობა შეიძლება საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურებოდეს, მაგრამ ისინი თანამშრომლობაზე მაინც უარის თქმას არჩევენ, რადგან იციან, რომ სხვა არავინ ითანამშრომლებს. თამაშის თეორიის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თანამშრომლობაზე უარის თქმა დომინანტური სტრატეგიაა და მისგან სარგებლის მომტანი დევიაცი არ არსებობს. როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ასეთ ცუდ წონასწორობას? ამის მისაღწევად ერთი გზაა, გამომძიებლებმა  ერთმანეთისგან განცალკევებით დაკითხონ მოწმეები და დაარწმუნონ ისინი, რომ სხვამ უკვე ითანამშრომლა გამოძიებასთან და პირიქით (კლასიკური „პატიმრის დილემა“). უფრო ძირეული ცვლილების მისაღწევად მათთვის რწმენის/აზრის შეცვლაა საჭირო, რათა ყველა მათგანმა დაიწყოს იმის დაჯერება, რომ თანამშრომლობა სხვებისთვის (და ყველასთვის) უპირატესი და უმჯობესი ქმედებაა/სტრატეგიაა. მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ რწმენაში ცვლილებას? ასეთი ცვლილება შესაძლოა მიღწეულ იქნას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებით და დამტკიცებით, რომ ფორმალური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტი (განსაკუთრებით, პოლიცია და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიტემა) ყოველთვის სამართლიანად, კანონიერად და პატიოსნად მოქმედებს.

აკადემიურ ლიტერატურაში ეს ყოველივე ცნობილია როგორც „პროცედურული სამართლიანობა“ და ისეთი ნიშნებით განისაზღვრება, როგორიცაა გამჭირვალობა, ნეიტრალურობა და  მოქალაქეების კანონთან ურთიერთქმედების პატივისცემა. პროცედურული სამართლიანობა სამართლიანობის უფრო ფართო ცნებაშია ჩადებული და პოლიციასთან უშუალო ურთიერთობის გამოცდილებით არ არის აუცილებლობით განპირობებული. მეტწილად ის დამოკიდებულია თავად მოქალაქეების აღქმაზე, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა და გადაწყვეტილების მიმღებები სხვა პირები სამართლიანად და თავაზიანად ეპყრობიან მათ. მრავალი კვლევა ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ კანონზე მოქალაქეების შეხედულებები დამოკიდებულია პროცედურულ სამართლიანობაზე, რასაც თავის მხრივ მივყავართ საზოგადოების მხრიდან კანონის დაცვის ვალდებულების მორალურად გააზრებამდე, ეს უკანასკნელი კი ნებაყოფლობითი თანხმობისა და მოხალისეობრივი თანამშრომლობის წახალისებას უწყობს ხელს.

ამგვარად, ბევრია დამოკიდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიერ აღებულ სარწმუნო ვალდებულებაზე, რომ უსამართლოდ არავინ დაისჯება და დასჯის პირობები ყველასათვის თანაბარი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტების 57 პროცენტი დაეთანხმა ან სრულიად დაეთანხმა მოსაზრებას, რომ „საქართველოში მცხოვრები მდიდარი ბისნესმენებისა და პოლიტიკოსების დაპატიმრება ნაკლებ მოსალოდნელია“, მაშინ, როცა ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ან სრულიად არ დაეთანხმა 9 პროცენტი (22 პროცენტი არც დაეთანხმა და არც უარყო, ხოლო 10-მა პროცენტმა უპასუხა „არ ვიცი“). ეს კი პროცედურულ სამართლიანობაში არსებულ მნიშვნელოვან ნაკლზე უკვე მიუთითებს. აგრეთვე, 2011 და 2014 წლების კანონმორჩილების ვალდებულების შესახებ  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში ცვლილების თვალსაზრისით სხვაობა არ არის. 2014 წელს, 2011 წლის მსგავსად, გამოკითხულთა 44 პროცენტს სჯეროდა, რომ უდანაშაულო ხალხს „ხშირად“ ან „პერიოდულად“ აპატიმრებდნენ.

სხვა შემთხვევებში, ქართული ოცნების მთავრობას უფრო ცუდი შედეგები აქვს. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) 2011 წლის კვლევამ, რომელიც ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნდობის განსაზღვრას ემსახურებოდა (რესპონდენტებს ინსტიტუტებისადმი ნდობა ხუთბალიან შკალაზე უნდა შეეფასებინათ), აჩვენა, რომ ქართველების 28 პროცენტი „სრულიად ენდობა“ პოლიციას, ხოლო 39 პროცენტი „ძირითადად ენდობა“ მას. 6 წლის შემდეგ, 2015 წელს, ნდობამ პირველ შემთხვევაში – 13, ხოლო, მეორე შემთხვევაში – 32 პროცენტამდე იკლო. მოსახლეობის მიერ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აღქმის დონე გაუარესდა მეტწილად ისეთი მნიშვნელოვანი და ყურადღების მიმპყრობი საქმეების გამო, როგორიცაა, მათ შორის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე. რაც შეეხება ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევას, საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეების მხოლოდ 15 პროცენტი დაეთანხმა ან სრულიად დაეთანხმა მოსაზრებას – „კმაყოფილი ვარ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემით“, მაშინ, როცა 37 პროცენტი არ დაეთახმა ან სრულიად არ დაეთანხმა მას (33 პროცენტი არც დაეთახმა და არც უარყო, 14-მა პროცენტმა კი უპასუხა „არ ვიცი“).

მართლაც, სწორედ ქართული სახელმწიფოსა და მისი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის კორუფციული, უსამართლო და არაკეთილსინდისიერი ბუნებაა ის, რაც პოლიციასთან თამაშრომლობაზე უარის თქმის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს. კანონმორჩილი ქცევის თაობაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ცოდნის მიწოდება და სკოლის მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერება – საჭირო, თუმცა პრობლემის მოგვარებისთვის არასაკმარისი პირობებია. ამ მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხის განვითარებაა არსებითი.

სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ამჟამინდელი დამოკიდებულების  განხილვისას უნდა ითქვას, რომ პოლიციასთან თანამშრომლობის უფრო მაღალი დონის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ,თუკი: საქართველოს მთავრობა პატივს სცემდა ადამიანის ძირითადი უფლებების (რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით) უზენაესობას და აფგან მუხტარლის საქმეზე აზერბაიჯანის ავტორიტარული (თუმცა, თბილისის მიმართ მეგობრულად განწყობილი) რეჟიმის მოთხოვნებს უარით უპასუხებდა; მთავრობა წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისწავლიდა და არ შეიწყნარებდა კეზერაშვილის მსგავს ხელშეუხებლებს (მაგალითად, თუკი ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაეყენებოდა სახელმწიფო აუდიტის ოფისის თავმჯდომარეზე ძალადობრივი თავდასხმის შემთხვევის გამო); მთავრობა შეამცირებდა ნარკოტიკების ჩადების ცუდ პრაქტიკებს და დასჯიდა ასეთ საქმეეში ჩართულ პოლიციელებს.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებებთან ერთად უნდა მომხდარიყო: სასამართლოებში გამჭვირვალობის ხელშეწყობა, საზოგადოების მიერ წამართული საპოლიციო პროგრამებისა და საზოგადოების წევრებთან პოლიციის ეფექტური ჩართულობის მიზნით მათი ხელახალი გადამზადების პროგრამების განხორციელება, მათ შორის, სკოლის სასწავლო პროგრამაში კანონმორჩილი ქცევის შესახებ სწავლების ინტეგრაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დოქტ. ალექსანდრე კუპატაძე, ლექტორი (ასისტენტ პროფესორი), სამეფო კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტი და ევროპული და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტი, ლონდონის სამეფო კოლეჯი