დიმიტრი ქუმსიშვილი: ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში

ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შესაძლოა, მომავალ წელს ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე შენობაში გადანაწილდეს.

“ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტრო გადანაწილდეს რამდენიმე შენობაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს შენობა ნაქირავები გვაქვს. ვიმედოვნებთ, ოპტიმიზაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ალბათ, პირველი კვარტლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ დავცალოთ ეს შენობა და გადავნაწილდეთ, თუმცა ეს არის საუკეთესო სურვილი იმისთვის, რომ ჩვენ თანხები დავზოგოთ, მაგრამ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა 2015 წელს 9 450 000 დოლარად გაიყიდა. მყიდველს სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს აშენება დაევალა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე დაგეგმილ ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა, თუმცა არ დაასახელა კონკრეტული თანხა, რისი დაზოგვაც ამ ოპტიმიზაციის შედეგად მოხდება.

“ჩვენი მთავრობის ამოცანაა ეფექტურობის ზრდა და, შესაბამისად, ოპტიმიზაციის ამოცანა იქნება კვალიფიციური კადრების დაწინაურება და, შესაბამისად, მათთვის საუკეთესო პირობების შექმნა. ოპტიმიზაციის მიმართულებით ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები არის ამოსავალი წერტილი. თვითონ ხარჯებს რაც ეხება, რა თქმა უნდა, ხარჯები ჩვენ უნდა დავითვალოთ არა ერთი წლის, არამედ რამოდენიმე წლის ჭრილში,”- განაცხადა მინისტრმა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.