ახალი ამბებიეკონომიკა

თბილისის ეკონომიკა – მერობის კანდიდატების ხედვები

26 სექტემბერი, 2021 • 6833
თბილისის ეკონომიკა – მერობის კანდიდატების ხედვები

თბილისი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რიცხვითა და განაშენიანებული ტერიტორიით საქართველოს უდიდესი ქალაქია, მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარი.

2019 წელს მისი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 51.2 პროცენტი იყო.

შესაბამისად, თბილისის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობებს და მოიაზრებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასაც.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ქალაქის მთავრობა უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებასა და განხორციელებას.

სწორედ ამიტომ, ნეტგაზეთი დაინტერესდა თუ როგორ ესახებათ თბილისის მერობის კანდიდატებსა და არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქალაქის ეკონომიკის ზრდა და რა ნაბიჯებს გადადგამენ ამისათვის.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისის განვითარებისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასა და ქალაქიდან რკინიგზის გადატანას ასახელებს. ქართული ოცნების პროგრამის თანახმად, მათ შორის არსებული უბნების განახლებით, მომდევნო წლებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები გაჩნდება.

სტატიაში მოცემულია თბილისის მერობის იმ ძირითადი (სოციოლოგიური კვლევების თანახმად) კანდიდატების (შტაბების) ხედვები, რიმლებიც ინტერვიუზე დათანხმდნენ ან თავად გამართეს ამ საკითხებზე პრეზენტაცია.

ქალაქი ქალაქში – ანა ბიბილაშვილი 

პარტია “ლელოს” კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში ანი ბაბილაშვილი იქნება, რომლის განცხადებითაც, “ლელოს” გუნდს შემუშავებული აქვს კონცეფცია სახელწოდებით “ქალაქი ქალაქში”, რაც თბილისში ფუნქციური ცენტრების განვითარებას გულისხმობს.

“თუ ჩვენ გვინდა ქალაქის ეკონომიკის გაცოცხლება, თბილისს უნდა მივცეთ გარკვეული ფუნქციები, რომელიც გახდება მიზიდულობის ცენტრი ამ ქალაქში, მათ შორის ინვესტიციებისთვის.

ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ შეიქმნას ახალი ცენტრები, მათ შორის ბიზნეს-ფინანსური საქმიანი ცენტრი”, – აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

ანა ბიბილაშვილი ბადრი ჯაფარიძესთან და ვატო სურგულაძესთან ერთად. ფოტო: ლელო

მისი თქმით, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელია “ურბანული ქაოსის მართვა” და რომ გაიზარდოს ეკონომიკა.

“დღეს ჩვენ ვხედავთ თუ როგორი “დეველოპერული” ზეწოლა მიმდინარეობს თბილისზე, რაც ისტორიულ უბნებსაც ანადგურებს და ვიღებთ უბრანულ ქაოსს. ჩვენ ამას ხელოვნურად ვერ შევაჩერებთ. ჩვენ ეს შეგვიძლია იმით, რომ დატვირთები მივმართოთ სხვადასხვა მიმართულებით და გადავანაწილოთ ქალაქში.

ჩვენ გვაქვს ხუთი ახალი ქალაქის, ანუ ცენტრის შექმნის ხედვა, მათ შორის საავადმყოფოების, მუზეუმების, ინოვაციური, კინო-ინდუსტრიის, ფინანსური ქალაქები, რომელსაც ექნება თავისი ფუნქცია და ექნება რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა.

ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, თუ როგორ უნდა შემოვიტანოთ ინვესტიცია. ჩვენი გეგმით, 4 წლის განმავლობაში თბილისში შემოვიტანთ 1 მილიარდი დოლარის და გავაორმაგოთ თბილისის ბიუჯეტი. ეს ყველაფერი შეიძლება დაეყრდნოს მასშტაბურ გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს ანი ბიბილაშვილი.

მისივე განცხადებით, იგი ემხრობა სატვირთო რკინიგზის ქალაქიდან გადატანის გეგმას, გამოთავისუფლებულ ადგილზე კი რეკრეაციული სივრცეებისა და ბიზნეს-ფინანსური ცენტრის მოწყობას.

ბიბილაშვილის თანახმად, ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდუსტრიული ჰაბის შექმნა და ძველი საწარმოების შენობების ახალი ფუნქციებით დატვირთვა.

ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მმართველობა – “საქართველოსთვის” 

პარტია “საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარტიამ შექმნა თბილისის განვითარებას ცალკე დოკუმენტი დაუთმო, სადაც შესულია 6 მიმართულებისგან, მათ შორის ეკონომიკის განვითარება, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა, ურბანული განვითარება, ეკოლოგია, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განვითარება და კორუფციისა და ნეპოტიზმისგან თავისუფალი ქალაქის კონცეფცია.

მისი განცხადებით, ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას აუცილებელია ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მმართველობა, რაშიც იგულისხმება თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა იგულისხმება.

“განვითარებისთვის გვჭირდება ჩვენ ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მმართველობა, რათა მოქალაქეებისთვის შევქმნათ განვითარების თანაბარი პირობები”, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია “საქართველოსთვის” შექმნის თბილისის დონეზე ინვესტიციების მოზიდვის პროგრამებს.

“თბილისისთვის ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ცალკე საინვესტიციო შეთავაზებები, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ცენტრალურ დონეზე მოქმედებს რიგი პროგრამები, რომელთა მიზანიც ინვესტიციების მოზიდვაა, ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თბილისს სჭირდება ცალკე თბილისისთვის განკუთვნილი მხარდაჭერის პაკეტები”, – აცხადებს იგი.

მისივე განცხადებით, ქალაქის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ურბანული განვითარება და მუნიციპალური სერვისები, ამიტომ სამშენებლო ნებართვების გაცემა უნდა მოხდეს კერძო საკუთრების პატივისცემისა და ქალაქის ურბანული იერსახის შენარჩუნების გათვალისწინებით.

დაუშვილის თანახმად, ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება, რის შემდეგაც ქალაქში ინვესტიციებისთვის გამოსადეგი სივრცეები გამოთავისუფლდება.

“ერთი მხრივ ეს გამოიწვევს ქალაქის განტვირთვას, მეორე მხრივ გამოთავისუფლდება ძალიან დიდი ტერიტორიები, რომელთა სწორი ურბანული გამოყენებაც დააინტერესებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს. ეს ყველაფერი მოხდება ბიზნესის უშუალო ჩართულობით”, – მიაჩნია მას.

მიხეილ დაუშვილის თანახმად, ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია “ძველი თბილისის ისტორიული უბნების მასშტაბური განახლება, თბილისის მეტროს განვითარება ლილოს, დიდი დიღმისა და რუსთავის მიმართულებებით და მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგებამდე [ავტობუსების] უფასო მგზავრობა, რათა მგზავრობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

თვითმმართველობის დონეზე ქალაქი ვერ განვითარდება, თუ ცენტრალურად არ გადაწყდა საკითხები – ნაციონალური მოძრაობა 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხედვების შესახებ ნეტგაზეთს ნიკა ობოლაძე ესაუბრა.

მისი განცხადებით, თბილისს აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი იმისა, რომ იყოს “რეგიონის უდიდესი ცენტრი”.

ობოლაძე აცხადებს, რომ თბილისში ეკონომიკის განვითარება ეროვნული საკითხების მოგვარების გარეშე შეუძლებელია.

“ვერანაირი თვითმმართველობის დონეზე ქალაქი ვერ განვითარდება, თუ ცენტრალურად არ გადაწყდა სამართლიანი სასამართლოს, პოლიტიკური სტაბილურობისა და ევროინტეგრაციის საკითხები.

ამის შემდეგ, ქალაქის თვითმმართველობის შედეგად უნდა გადაწყდეს ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიცაა ქალაქში გადაადგილების საკითხი, მწვანე რეკრეაციული ზონები, ავარიული სახლების განახლება.

ქალაქის პრობლემების გადაწყვეტით, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები და განვავითაროთ თბილისის ეკონომიკა და იყოს იგი ჰაბი მთელ რეგიონში”, – განაცხადა ობოლაძემ.

ობოლაძის განცხადებით, თბილისის განვითარებისთვის საჭიროა რკინიგზის ქალაქიდან გადატანა, ხოლო გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე “ახალი თბილისის” გაშენება.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქი გადაწყვეტს ეკოლოგიური სატრანსპორტო სისტემის მოწყობისა და სარეკრეაციო სივრცეების გაჩენის საკითხს, თბილისი გახდება უფრო მიმზიდველი და მერია იმუშავებს ინვესტიციების მოსაზიდად.

განვითარების თანაბარი შესაძლებლობები – თამარ კეკენაძე

პლატფორმა “მესამე ძალის” კანდიდატის თამარ კეკენაძის განცხადებით, მისი გუნდის მიერ შექმნილი თბილისის განვითარების პროგრამის მთავარი ამოცანა თბილისელების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ყველა უბანს ჰქონდეს თანაბარი ფუნქცია და ყველა უბანში ჰქონდეთ განვითარების ცენტრები. ეს ერთი მხრივ უზრუნველყოფს მომსახურებებით ადგილზე სარგებლობას, ხოლო მეორე მხრივ შექმნის ადგილობრივ მიზიდულობის ცენტრებს”, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ ძველი საწარმოო შენობების გაცოცხლება და ახალი ფუნქციებით დატვირთვა, რომლებიც ახლა გაჩერებულია.

“ვფიქრობთ, რომ ბიზნესის დაინტერესებით შესაძლებელი იქნება ამ ადგილებში ახალი სიცოცხლე შემოვიტანოთ”, – განუცხადა მან ნეტგაზეთს.

კეკენაძის განცხადებით, ეკონომიკის გასაძლიერებლად, სრულად უნდა გამოიყენონ თბილისის სატრანზიტო და საჰაერო პოტენციალი.

“ამისათვის თბილისის აეროპორტის გარშემო ვფიქრობთ ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას, რომელიც გააერთიანებს საწყობებს, რაც ჩვენი გათვლებით 5000 სამუშაო ადგილს შექმნის”, – აცხადებს იგი.

თამარ კეკენაძე. ფოტო: „მესამე ძალა“.

პლატფორმა “მესამე ძალაც” მიიჩნევს, რომ თბილისის ცენტრიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს სატვირთო რკინიგზა.

შეკითხვაზე, იმ დროს, როდესაც თბილისში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები პრაქტიკულად ერთსა და იმავე სარკინიგზო ხაზებით ხდება, რა ეკონომიკური სარგებელი უნდა ჰქონდეს სატვირთო რკინიგზის გადატანას, მაშინ როდესაც, ამით თავისუფალი სივრცეები არ გაჩნდება, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა იქნებოდა შესაძლებელი,  თამარ კეკენაძე პასუხობს, რომ სატვირთო რკინიგზის გადატანა პირველ რიგში უსაფრთხოების არგუმენტიდან გამომდინარეობს, რომ ქალაქში არ შეიძლება ფეთქებად-საშიში ტვირთების გადაზიდვა, სატვირთო რკინიგზის გადატანის შემდეგ კი სამგზავრო ხაზების გადატანაც იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ქალაქში უნდა აღდგეს ტროლეიბუსის ხაზები და ასევე უნდა შეიქმნას რუსთავი-თბილისი და მცხეთა-თბილისის მიწისზედა მეტრო, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ ქუმსიშვილი – ლეიბორისტული პარტია

“ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია სტაბილურობა” – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის გნა

“ეს საჭიროა, რათა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ქალაქის მერის პირდაპირი მოვალეობაა ისიც, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები ინვესტორებთან”, – მიაჩნია მას.

მისი განცხადებით, თბილისში საგრძნობლადაა შემცირებული ინვესტიციები, რაც აისახება სიღარიბეზე.

“უნდა შეიქმნას თბილისის მერიაში საინვესტიციო საბჭო, რომელიც იმუშავებს პოტენციური ინვესტორების მოძიებაზე და იქნება ერთგვარი შუამავალი სახელმწიფოს, ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის”, – აცხადებს ქუმსიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ ხელი უნდა შეუწყოს მცირემეწარმეობის განვითარებას და ამაში, მათ შორის, მოიაზრებს გარემოვაჭრეების ხელშეწყობას.

“მერიამ გარემოვაჭრეებისთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი ჯიხურების მოწყობა, რომელიც ჩაჯდება ქალაქის იერსახეში.

უნდა განვითარდეს ბაზრები – მერიამ უნდა დანერგოს ევროპული სტანდარტების გარემო ამ ბაზრებში. ბაზრებში სიარული უნდა გახდეს პრესტიჟული”, – აცხადებს იგი.

ქუმსიშვილის განცხადებით, რიყის პარკში მდებარე დოქები უნდა გახდეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკის სივრცე.

მიხეილ ქუმსიშვილიც მიიჩნევს, რომ უნდა განვითარდეს მეტროს სისტემა და ამისათვის ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ქალაქის ბიუჯეტიდან.

“უნდა მოხდეს მეტროს განვითარება და ისეთი გარეუბნები უნდა დაუკავშირდეს ცენტრს, როგორიცაა დიღომი, გლდანის მიკრო-რაიონები და სხვა. ეს არ ჯდება განსაკუთრებულად ძვირი. ამისთვის საჭირო იქნება ყოველწლიურად 50 მილიონის გამოყოფა ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე”, – განუცხადა ქუმსიშვილმა ნეტგაზეთს.

ქართული ოცნება – ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები 

თბილისის მერობის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, რომელიც მან 22 სექტემბერს გააკეთა, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის იჯარისგან.

ასევე, 160-მდე ღია კაფეს მფლობელი სრულად გათავისუფლდება 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 ლარის იჯარის გადასახადისგან.

ხოლო, პანდემიით დაზარალებულ 1000-მდე მუნიციპალიტეტის მოიჯარესა და ღია კაფეს მფლობელს შეეძლება უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით 2 წლით გაიხანგრძლივოს.

მისივე თქმით, მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ – 2020 წლის 1-ლი იანვრიდან – დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი მათ სთავაზობს ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე.

კალაძის თანახმად, პანდემიით დაზარალებულ, ათასობით მუნიციპალიტეტის მოიჯარეს ჩამოეწერება ქირის გადაუხდელობის გამო მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები და ტურისტული ობიექტები დასუფთავების მოსაკრებლისგან ერთჯერადად გათავისუფლდებიან.

კალაძის განცხადებით, თბილისში დაიწყება ავარიული სახლების ჩანაცვლების, ვარკეთილის მესამე მასივის განახლებისა და თბილისის ზღვის აღმოსავლეთით ახალი უბნის მშენებლობის პროგრამები , რაც ქალაქში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი