TI: კახა ბექაურის დიპლომი კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

კახა ბექაური ვერ აკმაყოფილებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმს  და ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს თანამდებობიდან – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) კვლევაში არის საუბარი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა GNCC-ს, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ და ბექაურის ბიოგრაფია ჯერ კიდევ 4 წლის წინ გამოქვეყნდა.

კახა ბექაური GNCC-ის თავმჯდომარე და ერთ-ერთთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. TI-ის ცნობით, 2014 წლიდან დღემდე მას, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, შრომის ანაზღაურების სახით  700 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული. ბექაური წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, ასევე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია “მეცხრე არხის”  დირექტორი.

კერძოდ, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, კახა ბექაური მათემატიკოსია, “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: “ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”.

კახა ბექაური GNCC-ის წევრად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წელს კი – თავმჯდომარედ. კახა ბექაურის აკადემიურ ხარისხისთან დაკავშირებით საუბარი მაშინაც იყო, როცა GNCC-ის წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში პრეზიდენტს საბუთები წარუდგინა. კახა ბექაურმა მაშინ  განაცხადა, რომ მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდა წაყენებულ მოთხოვნებს და „კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს“.

“კახა ბექაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 1986-1992 წლებში სწავლობდა. თსუ-ს მიერ გაცემული დიპლომის მიხედვით, მან დაამთავრა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, გამოყენებითი მათემატიკის, სპეც. ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით და მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია.

კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მივმართეთ, ვინაიდან  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 1986-1992 წლებში მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თსუ-ს მიერ მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს გაცემული დიპლომი, მართალია, უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, მაგრამ არანაირად არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული კონკრეტული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს, კერძოდ, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრს, ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაგზავნილ ცნობაში წერია, რომ ბექაურმა 1994 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) მენეჯმენტის სპეციალობით, თუმცა, როგორც ESM-ის სამართალმემკვიდრე “თავისუფალი უნივერსიტეტიდან” მიღებული ინფორმაციით დგინდება, ბექაურის მიერ დასრულებული სასწავლო პროგრამა არის სპეციალისტთა გადამზადების 9-თვიანი ფასიანი კურსი. აღნიშნული სასწავლო პროგრამა არ უთანაბრდება აკადემიურ ხარისხს. კურსდამთავრებულები კი იმ დროისთვის მხოლოდ  ESM-ის  სერტიფიკატებს იღებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბექაურს მედიასაშუალებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კანონი შესაბამის სამუშაო გამოცდილებასთან ერთად კონკრეტულ განათლებასაც ითხოვს, რაც ბექაურს, არსებული ინფორმაციით, არ გააჩნია,”- ვკითხულობთ TI-ის კვლევაში.

TI-ის კვლევის თანახმადვე, კახა ბექაურის კვალიფიკაციის შესაბამისობა GNCC-ის წევრის თანამდებობასთან 2014 წელს სათანადოდ არ შეუსწავლია არც პრეზიდენტს და არც პარლამენტს.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის პირები მუშაობდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის და ტელეკომუნიკაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას, ზედამხედველობასა და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების დაკისრებას. ამ უფლებამოსილებებს 6 წლის ვადით არჩეული ბექაური სათანადო დიპლომის გარეშე უკვე თითქმის 4 წელია ასრულებს.

საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში კომისიის წევრის იმპიჩმენტის შესაძლებლობას არ იცნობს და არც სასამართლო წესით შემოწმების შესაძლებლობა არსებობს ამ ეტაპზე. შესაბამისად, მსგავსი კაზუსების სამომავლოდ თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოცემული საკითხი გათვალისწინებული იქნას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძვლად.

პარალელურად, შესწავლილი უნდა იყოს, თუ რატომ არ მოხდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, შემოწმება, თუ რამდენად ფლობდა კახა ბექაური კანონმდებლობით დადგენილ განათლების ხარიხს,” – აცხადებს TI.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი