ახალი ამბები

ბექაური, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

26 იანვარი, 2023 • 988
ბექაური, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამე ვადით, 2026 წლამდე აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. როგორც კომისიის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, კენჭისყრაზე მხოლოდ კახა ბექაურის კანდიდატურა იყო წარდგენილი

კომისიაში აღნიშნავენ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. საქართველოს პარლამენტმა ბექაური კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში კახა ბექაურის კანდიდატურას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ ერთხმად დაუჭირა და ამავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

„კახა ბექაურს 1986-1992 წლებში მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, კახა ბექაური რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა, ხოლო მანამდე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ESM თბილისის მენეჯმენტის კათედრის ლექტორი იყო“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი