ახალი ამბები

შსს: გუმათჰესში ხანძრის გავრცელების საშიშროება არაა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

6 დეკემბერი, 2017 • 1272
შსს: გუმათჰესში ხანძრის გავრცელების საშიშროება არაა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შსს-ს განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. პერიმეტრს იცავენ სამართალდამცველები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან 17:13 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 8 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა იქნა მობილიზებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები წყალტუბოდან, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი