ვიმედოვნებთ, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული იქნება – მარგველაშვილი

კიევში განვითარებულ პროცესებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე ეხმაურება. ის წერს, რომ ეს ყველაფერი უკრაინის შიდა საქმეა.

“ამავე დროს, ამ მოვლენების ცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ვისი უსაფრთხოებაც, ვიმედოვნებთ, რომ დაცული იქნება”, – წერს მარგველაშვილი.


უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით კიევში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჯგუფი ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს ხელით აფინანსებდა. ამის შესახებ ლუცენკომ დღეს, 5 დეკემბერს, ბრიფინგზე ისაუბრა.

რას ედავება უკრაინის პროკურატურა სააკაშვილს

ლუცენკოს მტკიცებით, სააკაშვილის მიზანი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა იყო ძალადობრივი გზით. გარდა ამისა, უკრაინის გენპროკურორის თქმით, მის მიზანს წარმოადგენდა “იანუკოვიჩისა და კურჩენკოს ჯგუფის წევრების” სამართლებრივი რეაბილიტირება და უკრაინაში დაკარგულ ფინანსურ აქტივებზე კონტროლის აღდგენა. უკრიანის პროკურატურა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კურჩენკოს წარმომადგენელთან შუამავლის მეშვეობით ამყარებდა კონტაქტს. უკრიანის პროკურატურა საუბრობს ნახევარ მილიონ დოლარზე, რომელიც უწყების მტკიცებით, იანუკოვიჩს მოკავშირე ბიზნესმენმა კურჩენკომ შუამავლების გზით სააკაშვილს გადასცა.

უკრაინა აღკვეთის ღონისძიების სახით სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს. გენპროკურორის თქმით, მის საქართველოში ექსტრადიციაზე საუბარი არ არის.

ვინ არის კურჩენკო?

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრიანის ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ქვეყანა მაიდნის მოვლენების შემდეგ დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. კურჩენკო ბიზნესმენია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება იანუკოვიჩთან დაახლოებულ პირად მიიჩნევს. ის უკრაინაში ფლობდა კომპანიას “გაზ უკრაინა 2009”, ასევე, საფეხბურთო კლუბ ხარკოვის მეტალისტს. მაიდნის პროცესების შემდეგ უკრაინა მანაც დატოვა და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

სააკაშვილი ბრალდებებს უარყოფს

მიხეილ სააკაშვილის მხარის პოზიციაა, რომ იგი პოლიტიკური მოტივაციით დააკავეს. სააკაშვილმა 3 დეკემბერს გამართა აქცია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით. მან 29 ნოემბერს განაცხადა, რომ “პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა”.

“დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პეტრო პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა “წითელი ხაზი” და გასცა განკარგულება ჩემი დაკავების შესახებ, სახელმწიფო გადატრიალების მოგონილი მცდელობისა და ოდესის გამოგონილი საქმის გამო. ”

მისი თქმით, განკარგულება პოროშენკომ უკრაინის პროკუკრორ იური ლუცენკოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გაუგზავნა.

“მათ მომავალ 2-3 დღეში, 3 დეკემბრბის მარშამდე უნდა განახორციელონ ჩემი დაკავების, იზოლაციის და ნეიტრალიზაციის გეგმა. მათ წამოსწიეს ჩემი ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში მუშაობის დროინდელი არარსებული საქმეები და მათ უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც ძალაუფლების გადამეტება”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის უსაფრთოხების სამსახური აუდიოჩანაწერის ფალსიფიცირებას აპირებს, რისთვისაც უწყებამ მისი ხმის ნიმუში გამოითხოვა.

“ორი დღის წინ მათ გამოითხოვეს ჩემი ხმის ნიმუში, აუდიოჩანაწერის ფალსიფიკაციის მიზნით, რომლის გამოქვეყნებასაც ისინი ჩემი დაკავების დღეს აპირებენ, რათა ყველა დააშინონ და  მოკლან უკრაინელთა მშვიდობიანი პროტესტის სული, ” – განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი დღეს, 5 დეკემბერს, დილით დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანა და ავტომობილში ჩასვა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მანქანის ბლოკირების პროცესი დაიწყეს, რის გამოც ავტომობილმა ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.

ამჟამად (13:30 საათი)ავტომობილი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, პოლიციის განყოფილებამდე მისვლას კვლავ ვერ ახერხებს. ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება.

გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართავდა.

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციას “კიევპოსტი” ავრცელებს, რომლის მიხედვით, სააკაშვილი დააკავეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც კრიმინალური ჯგუფის წევრების დახმარებასა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვას გულისხმობს. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევა 3-დან – 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

“გამომძიებლებმა სააკაშვილს მისი ადვოკატის თანდასწრებით უთხრეს, რომ ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში,” – განაცხადა პრესსამსახურმა და დაამატა, რომ გამოძიება სააკაშვილს დაკითხავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com