სააკაშვილი ცალ ხელზე დადებული ხელბორკილით სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან გადმოვიდა [ვიდეო]

ცოტა ხნის წინ კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მისი მხარდამჭერების მიერ ბლოკირებული სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან ცალ ხელზე დადებული ხელბორკილით გადმოვიდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს ორი თითის აწევით მიესალმა და მათთან ერთად მოედანზე გავიდა.

უცნობია, თვითონ უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს მიხეილ სააკაშვილი, თუ მხარდამჭერებმა შეძლეს მისი გამოყვანა, თუმცა ფაქტია, რომ ამჟამად მას მხოლოდ ერთ ხელზე უკეთია ხელბორკილი და გადმოსულია ბლოკირებული სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან.

უახლესი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილზე

მოკლედ:

  • მიხეილ სააკაშვილი დღეს, 5 დეკემბერს, დილით დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანა და ავტომობილში ჩასვა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მანქანის ბლოკირების პროცესი დაიწყეს, რის გამოც ავტომობილმა ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.
  • გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. იგი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართავდა.
  • სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციას “კიევპოსტი” ავრცელებს, რომლის მიხედვით, სააკაშვილი დააკავეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც კრიმინალური ჯგუფის წევრების დახმარებასა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვას გულისხმობს. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევა 3-დან – 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი ბლოკირებული სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან ცალ ხელზე დადებული ხელბორკილით გადმოვიდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.