ადვოკატი: 51-ე სკოლასთან ჩხუბში ბრალდებულმა დანა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა

51-ე სკოლასთან არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც პოლიციაში მომხდარიდან სამი დღის შემდეგ გამოცხადდა, ამბობს, რომ მან დანა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა – ამის შესახებ მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს.

“პირველად შევხვდი ახლა ბრალდებულს. გავესაუბრე მას. მომიყვა, თუ რა მოხდა, ზოგადად. ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას, ჩანს,  რომ სხვა დაზიანებები, რომელიც დაზარალებულს  აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მიაყენეს უკვე მოგვიანებით სხვა პირებმა…  ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან შესაძლოა მხოლოდ ორი პირის მიერ,”- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რას იტყვის ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტები, რომლებიც სასამართლოზე დაიკითხებიან. მისივე განცხადებით, თუ ექსპერტებმა დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალდება არ დაადასტურეს, მაშინ მოითხოვენ ბრალი წაუყენონ იმათ, ვინც მოკლულს დანარჩენი ჭრილობები მიაყენა.

“მსურს, მოვუსმინო ექსპერტებს და თუ  ექსპერტებმა თქვეს, რომ იმ პირობებში შეუძლებელი იყო დაზარალებულს მიდგომოდა,  აღნიშნული სადისტური პირობები, როგორ პირობებსაც მოწმეები აღწერენ, და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პირებმა მიაყენეს, მაშინ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს… დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს იცოდეს სიმართლე და მე ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი, თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება, რომელსაც მას ედავებიან. ბრალდებულის ოჯახი არ მოითხოვს ბრალდებულის სრულად გამართლებას,” – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში დანებით მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლედ. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე – იძებნებოდა და გამოძიებაში 4 დეკემბერს გამოცხადდა. 4 დეკემბერს მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია. გარდა მკვლელობაში ბრალდებულებისა, პროკურატურამ 5 ადამიანს დანაშაულის დაფარვის მუხლით წაუყენა ბრალი. 4 დეკემბრის მდგომარეობით, საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი