თელავის საქალაქო სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ორი თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 4 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხელში მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ კაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულში, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას. ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.