ახალი ამბებისამართალი

მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებით პროკურატურამ ხუთი ადამიანი პასუხისგებაში მისცა

4 დეკემბერი, 2017 • 2860
მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებით პროკურატურამ ხუთი ადამიანი პასუხისგებაში მისცა

პროკურატურის ცნობით, თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარი ორი არასრუწლოვნის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალი ხუთ პირს – თ.კ-ს, მ.კ-ს, ლ.კ-ს, გ.შ-ს და ზ.წ -ს წარუდგინეს:

“აღნიშნულმა პირებმა დაფარეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ისინი აქტიური ქმედებებით შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გადამალვას და განადგურებას, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიმალვას.

აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ.

ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა. კერძოდ, ერთი მათგანი  არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა,”- აცხადებს პროკურატურა.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დანაშაულის დაფარვაში ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი იყო, თუმცა, მას 1 დეკემბრისთვის, როდესაც მკვლელობა მოხდა, იგი აღარ მუშაობდა და კადრების განყოფილების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი დათხოვნილია სამსახურიდან.

51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ამ დრომდე იძებნებოდა და გამოძიებაში 4 დეკემბერს გამოცხადდა. 4 დეკემბერს მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი