სამომავლოდ ბავშვთა დანაშაულის პრევენციისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს, შს მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მინისტრები შეთანმხმდნენ, რომ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.

როგორც სამინისტროებიდან გვაცნობეს, ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება. მათი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე.

უწყებების ცნობით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია.

  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართავს.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.