ახალი ამბებიეკონომიკა

რამდენად მართებულია უცხოურ ვალუტასთან მცურავი გაცვლითი კურსი

30 ნოემბერი, 2017 • 5366
რამდენად მართებულია უცხოურ ვალუტასთან მცურავი გაცვლითი კურსი

ლარის კურსის ხშირი ცვლილება და სავალუტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის ხშირი რყევა, ეროვნული ბანკის თანახმად, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის არის  დამახასიათებელი. არის თუ არა ქვეყნის მიერ არჩეული მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გამართლებული? მცირე ზომის ეკონიმიკისთვის ხომ არ სჯობს, ქვეყანას ფიქსირებული სავალუტო კურსი ჰქონდეს?

საქართველოში 1997 წლიდან მცურავი გაცვლითი კურსი ამოქმედდა. მცურავი რეჟიმის პირობებში ვალუტის კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ. სავალუტო ბაზარი შედგება კომერციული ბანკებისგან და სხვა პირებისგან, ვისაც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა აინტერესებს. ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა გაასაჯაროვა ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მონაწილეები. ამ ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ ორ კომერციულ ბანკზე მთლიანი ვაჭრობის თითქმის 32% მოდის.

ეროვნული ბანკი ბაზრის მიერ რეგულირებული გაცვლითი კურსის რეჟიმის არჩევის ერთ-ერთ მიზეზად საგარეო შოკებს ასახელებს. სებ-ში მიაჩნიათ, რომ მცირე ეკონომიკის პირობებში, როგორიც საქართველოს აქვს, მსოფლიო ეკონომიკის რყევები აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. მცურავი გაცვლითი კურსი ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას და საგარეო შოკის შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას  ეკონომიკაზე, ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გაცვლითი კურსის ეს მოკლევადიანი მერყეობები ეკონომიკას ეხმარება შოკების დაძ­ლევაში, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კურსი იბრუნებს სტაბილურობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ ქვეყნები, რომლებიც გაცვლით კურსს ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას მიანდობს, ფინანსურად უფრო დაცულები იქნებიან. ფინანსური სტაბილურობის გარდა, IMF-ს მცურავი გაცვლითი კურსი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ფაქტორადაც მიაჩნია.

“ვალუტაც არის ჩვეულებრივი პროდუქტი, რომლის ფასს ადგენს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება. საბოლოო ჯამში, კურსის დაფიქსირება ვერ მოგვცემს შედეგს, რადგან ეს დაარტყამს ცალსახად ეროვნულ ბანკს. სებ-ს ამის რესურსი არ ექნება და ვერ შეინარჩუნებს ფიქსირებულ კურსს. ერთადრეთი სწორი გამოსავალი არის, საქართველოში იყოს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, რომ ვაჭრობა და ოპერაციები ხდებოდეს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც სურს კონკრეტულ ბიზნესს ამ ოპერაციის განხორციელება,”-აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ფიქსირებული კურსის შემთხვევაში ვალუტა შეიძლება ფიქსირებული იყოს ერთ ან რამდენიმე სხვა ვალუტასთან. ლარი 1997 წლამდე აშშ დოლარზე იყო მიბმული. ფიქსირებული კურსის შემთხვევაში ვალუტა სტაბილურია, თუმცა გაცვლითი კურსის რეჟიმს გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებები.

აზერბაიჯანს ფიქსირებული გაცვლითი კურსი ჰქონდა, თუმცა 2015 წელს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული ვალუტა  მცურავ გაცვლით რეჟიმზე გადაიყვანა, მიზეზად კი სავალუტო შემოსავლების მკვეთრი შემცირება დაასახელა. შემოსავლების შემცირების ძირითადი მიზეზი კი ნავთობზე ფასების შემცირება იყო.  შედეგად,  ერთ წელიწადში აზერბაიჯანული მანათი დოლართან 100%-ით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ფიქსირებული გაცვლითი კურსის პირობებში რთულდება დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. ამის მაგალითად სებ-ს 2008-2009 წლების საქართველოს ეკონომიკა მოჰყავს. 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საქართველო-რუსეთის ომი დაემთხვა. 2008 წლის ბოლოს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა. სებ-ის ინფორმაციით, რეცესიული ეკონომიკის პირობებში, როგორც ეს 2008-2009 წლებში იყო,  დოლარზე მიბმული კურსის არსებობა შეზღუდავდა ეროვნული ბანკისა თუ მთავრობის ღონისძიებების არეალს და შეამცირებდა მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობას, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ერთდროულად ორ აგრეგატზე – ფულის მიწოდებასა და გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ანუ მაშინ ლარი დოლარზე მიბმული რომ ყოფილიყო, ეროვნული ბანკი ვერ შეძლებდა გაცვლით კურსზე ზემოქმედებას.

სებ-ს მაგალითად აშშ-ც მოჰყავს. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ თუ ლარს დოლარს მივაბამთ და ამერიკაში  რეცესია დაიწყება, ის ავნებს საქართველოს ეკონომიკას.

დოლართან ფიქსირებული სავალუტო კურსი  აქვს საუდის არაბეთს. 2015 წელს, ნავთობის ფასების დრამატული ვარდნის შედეგად, დოლარი საგრძნობლად გამყარდა. შედეგად, საუდის არაბეთისთვის დოლართან მიბმა ნაკლებად მიმზიდველი იყო. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქვეყანას ფიქსირებულ კურსზე უარი ეთქვა. საუდის არაბეთის ვალუტა დოლარზე 1986 წლიდან არის მიბმული და ქვეყანა დღემდე ინარჩუნებს ფიქსირებულ კურსს დოლართან.

ირაკლი ყიფიანის თქმით, პრობლემა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაა და არა გაცვლითი კურსის რეჟიმი.

“პრობლემა არის ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელიც 2021 წლამდე, ფაქტობრივად, 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. 5%-ით საქართველომ თუ იჩანჩალა, ეს ნიშნავს იმას, რომ უკეთესი ვალუტის კურსი არც 2021 წელს გვექნება. დღეს თუ ლარის კურსი დროის ასეთ მოკლე პერიოდში უფასურდება ძალიან მნიშვნელოვნად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ფუნდამენტური ფაქტორები არ უმჯობესდება,”- აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე ეროვნული ვალუტის მდგომარეობაა აშშ დოლარის მიმართ. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით მონაცემები. ლარმა გაუფასურება ოქტომბრის ბოლოდან, 24 ოქტომბრიდან დაიწყო და ნოემბრის თვეში 2.70-ს გადასცდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი