შეკითხვები, რომლებსაც დათა ახალაიამ დაკითხვისას არ უპასუხა – გირგვლიანის საქმე

სანდრო გირგვლიანის საქმეზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, 22 ნოემბერს კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია დაიკითხა სკაიპით.

პროკურორი ახალაიას თითქმის 3 საათის განმავლობაში კითხავდა. კითხვათა დიდ ნაწილს მოწმის სახით დაკითხულმა დათა ახალაიამ არ უპასუხა, რაც იმით ახსნა, რომ ამავე საქმეზე ის თავად არის ბრალდებული და, შესაბამისად, პასუხები მის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული.

დათა ახალაიამ არ უპასუხა პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვას: წარმოდგენილ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც საქმეშია მოთავსებული, 2006 წლის 27-28 იანვარს თაკო სალაყაიას (ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლი) და მას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება იყო განხორციელებული. ამათგან 28 იანვარს, ღამის 12 საათის შემდეგ, განხორციელებულია 12 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გრძელდება გამთენიამდე, დილის 07:32 წუთამდე.  რაზე საუბრობდა სანდრო გირგვლიანის გატაცების მომენტიდან გამთენიამდე შს მინისტრის ცოლთან, თაკო სალაყაისათან.

კუდ-ის ყოფილმა უფროსმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, თაკო სალაყაიას თხოვნით მოხდა თუ არა მის მიერ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებთან განხორციელებული ზარი და მათი გამოძახება შარდენ ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გთავაზობთ კითხვების ჩამონათვალს, რომლებიც დასვა პროკურორმა და რომლებზეც დათა ახალაიამ პასუხი არ გასცა:

  1. როდესაც მოხდა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების გამოვლენა, თქვენ გერონტი ალანიას ციხეში წასვლის წინააღმდეგი იყავით?
  2. მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რაც მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით, რამდენ ხანში ჩააყენეთ მინისტრი საქმის კურსში?
  3. თქვენთვის როდის გახდა ცნობილი, რომ ქალაქის იმჟამინდელმა პოლიციის უფროსმა, მერაბ ბაღათურიამ გახსნა ეს საქმე და გამოვიდა თქვენზე და თქვენს თანამშრომლებზე?
  4. თქვენ შარდენ ბარში იმყოფებოდით, ხომ ასეა?
  5. აფციაურისადმი დუმილისა და დამნაშავე სხვა პირების არდასახელების სანაცვლოდ, თქვენს სამუშაო კაბინეტში თქვენ მიერ გადაცემული 12 000 $, სანამ მათ დააკავებდნენ მანამდე, ეს თქვენი პირადი თანხა იყო, თუ ეს იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან  გამოყოფილი თანხა?
  6. მოწმეთა ჩვენებების და თქვენი ყოფილი თანამშრომლების ჩვენების მიხედვით, თქვენ მათ დუმილის სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში, 100-100 $ გადაეცით. ეს თანხა თქვენი იყო, თუ ვანო მერაბიშვილმა გამოყო?
  7. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, სანოძე და მელნიკოვი გადადექით. თანამდებობიდან გადაყენებიდან ერთი თვის შემდეგ, ჩვეულებრივად აგრძელებდით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. დადიოდით სამსახურში, მართავდით თათბირებს. მათ შორის, რამდენადაც ცნობილია, კოდორის სპეცოპერაციაშიც მიგიღიათ მონაწილეობა?
  8. მე-7 დაწესებულებაში გირგვილიანის საქმეზე გასამართლებული პირები არ მოგინახულებიათ?
  9. რამდენად ხშირად ატარებდით დროს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ცოლ თაკო სალაყაიასთან, ხშირად ურეკავდით თუ არა თაკო სალაყაიას?
  10. სანდრო გირგვლიანის მიმართ რაც განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება, ეს თქვენი იდეა და სურვილი არ იყო. ხომ ასეა?
  11. თქვენ გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან, ვალერიან მეტრეველთან ( თუ იცნობთ ვალერიან მეტრეველს) ერთად ოქროყანის სასაფლაოზე ან თქვენთან კონსტიტუციური უსაფრთოხოების დეპარტამენტში, სანდრო გირგვლიანის ან კახაბერ დაბრუნდაშვილის მიმართ განგიხორციელებიათ თუ არა ფიზიკური ზემოქმედება?
  12. რამდენადაც ცნობილია, კოდორის სპეცოპერაციაშიც მიგიღიათ მონაწილეობა. ასეა ეს ამბავი?
  13. 2008 წელს თქვენთან ერთად იმყოფებოდნენ თუ არა ბიბილურიძე, აფციაური, ღაჭავა და ალანია?
  14. დავით ჩხიტუნიძეს ვინ დაავალა მსჯავრდებულების დაწესებულებიდან გამოყვანა, თქვენ, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ?
  15. თქვენ და ბატონი გერონტი ალანია მეგობრები ხართ?
  16. გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ პირებთან იზოლატორში ყოფნისას, დაკავების დღეს მოდულის იზოლატორში, მათ მოსანახულებლად სტუმრად იმყოფებოდით?
  17. თქვენ და ვანო მერაბიშვილმა ალკოჰოლური სასმელი მიიღეთ  დაკავებულებთან ერთად იზოლატორში?
  18. მეგის ქარდავასთან უშუალო ნაცნობობა გაქვთ?
  19. მე-7 დაწესებულებაში გირგვილიანის საქმეზე გასამართლებული პირები არ მოგინახულებიათ?
  20. მსჯავრდებულ პირებზე საწვავის ტალონების და ამანათების გაცემას თქვენი დავალებით ახდენდა კუდის უფროსი არჩილ სიხარულიძე?
  21. 2006 წლის იანვრის მერე თქვენი დეპარტამენტის და შს გენერალური ინსპექციის მიერ მოხდა თუ არა ქალაქის პოლიციის ქალაქის ხელმძღვანელების და მუშაკების მასობრივი დაკავება და სამსახურიდან დათხოვნა?
  22. მერაბ ბაღათურიას, ქალაქის პოლიციის  იმდროინდელი ხელმძღვანელის მიმართ ან მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის ხელმძღვანელის მიმართ, ან ბაღათურიას დაქვემდებარებაში მყოფი სხვა პირების მიმართ, თქვენი კუდში ყოფნის პერიოდში, განხორციელდა თუ არა ე.წ სადამსჯელო ოპერაციები? ამგვარ ქმედებებს ხომ არ ჰქონდა ადგილი ბაღათურიაზე და მის გუნდზე შურისძიების მოტივით?
  23. როდესაც მოხდა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების გამოვლენა, თქვენ გერონტი ალანიას ციხეში წასვლის წინააღმდეგი იყავით, ხომ ასეა?
  24. ალანიას მაგიერ იოსებ ხასაია რომ უნდა წასულიყო ციხეში, ეს თქვენი იდეა  არ ყოფილა?
  25. თქვენ შარდენ ბარში იმყოფებოდით, ხომ ასეა?

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის ნოემბერში წაუყენეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელშიც ჩართული არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა დათა ახალაია. გირგვლიანის საქმეზე ბრალი ოთხივე მათგანს აქვს წარდგენილი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის 24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან  დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ.

საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.