თვითმხილველის მონათხრობი და ვითარება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციიდან მეორე დღეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დრომდე რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი. ადგილზეა პოლიციაც. იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ, მთელი დღის მანძილზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, დილიდან მუშაობდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

ნეტგაზეთი ესაუბრა ერთ-ერთ თვითმხილველს: შორენა ფოფხაძე გაბრიელ სალოსის VI შესახვევის 5 ნომერში ცხოვრობს. მისი ბინა 9 ნომერში მდებარე კორპუსს ესაზღვრება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა თითქმის 20 საათის განმავლობაში.

როგორც შორენა “ნეტგაზეთთან” საუბრისას იხსენებს, პოლიცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21 ნოემბერს, 20:00 საათზე გამოჩნდა და გზის გადაკეტვა დაიწყო. შორენას თქმით, თავდაპირველად გადაადგილება ადგილობრივებსაც შეეზღუდათ, თუმცა მოგვიანებით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა შორენა და მისი მეზობლები სახლამდე მიაცილეს, განუცხადეს, რომ ბრალდებულების აყვანის ოპერაცია უნდა დაეწყოთ და მოუწოდეს, არ დაეტოვებინათ ბინები და მოშორებოდნენ ფანჯრებს:

“წინა დღეს, დაახლოებით 8 საათზე, გადაიკეტა გზები და პოლიცია შეინიშნებოდა. ტერიტორიაზეც არ გვიშვებდნენ, ცოტა ხნის შემდეგ თავად მოგვაცილეს, რომ სახლებში შემოვსულიყავით. გაგვაფრთხილეს, რომ იგეგმებოდა დამნაშავეების აყვანა. გვითხრეს, მაქსიმალურად  მოვრიდებოდით ფანჯრებს და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არ გავსულიყავით გარეთ” – იხსენებს შორენა.

შორენას თქმით, პოლიციამ გარე განათებები გამორთო და რა ხდებოდა ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში, ვერ ხედავდა. თუმცა იხსენებს, რომ დილით, დაახლოებით 05:15 საათზე, აფეთქებისა და სროლის ხმა გაიგონა:

“ამის შემდეგ, გარე განათება გამორთეს და ვეღარაფერს ვხედავდით. დილის 05:15 იყო დაახლოებით, აფეთქების ხმა რომ გაისმა და სროლა, შემდეგ ისევ განახლდა დილით, დაახლოებით 10 საათისთვის. ეს ის პერიოდია, პირველი სპეცრაზმელი რომ დაიჭრა. დავინახე, საკაცით რომ მოჰყავდათ და სასწრაფოს მანქანაში სვამდნენ. ამის შემდეგ, შუადღეს, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. სასწრაფო დახმარების მანქანამდე ის ჯავშანმანქანით მიიყვანეს, ფეხის დაზიანება ჰქონდა,” – ამბობს შორენა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შორენას თქმით, სპეცოპერაციის ეპიცენტრის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მიმდებარე კორპუსებში კი, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა, მოსახლეობა ეტაპობრივად ბრუნდება.

კორპუსი, სადაც თითქმის 22 საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. გაბრიელ სალოსის ქუჩა, თბილისი. 23.11.17 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

დღეს დილიდან პოლიციას მთლიანად შემოსაზღვრული აქვს გაბრიელ სალოსის VI შესახვევში მდებარე ორი კორპუსი. ლენტის შიგნით მოექცა მახლობლად მდებარე სკვერი და ავტოფარეხებიც.  ერთ-ერთ კორპუსს, რომელიც გაბრიელ სალოსის VI შესახვევის 9 ნომერში მდებარეობს, მეორე სართულზე აფეთქების, ხანძრისა და ნატყვიარის კვალი ეტყობა. დაზიანებულია შენობის პირველი სართულის ფასადი და ჩამსხვრეულია ფანჯრები მის მესამე სართულზე.  ტერიტორიიდან ევაკუირებული მოსახლეობა მიმდებარე კორპუსებში ეტაპობრივად ბრუნდება, თუმცა უშუალოდ იმ შენობაში, რომელსაც შეტაკების კვალი ეტყობა, პოლიცია არავის უშვებს.

გაბრიელ სალოსის ქუჩა, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის მანძილზე მიმდინარეობდა 23.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელ სალოსის ქუჩა, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის მანძილზე მიმდინარეობდა 23.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კორპუსი, სადაც თითქმის 22 საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. გაბრიელ სალოსის ქუჩა, თბილისი. 23.11.17 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

კორპუსთან, სადაც იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებსაც სუსი  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს უწოდებს, თუმცა არ ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რა დანაშაულში იყვნენ ბრალდებულები, გადაადგილება ჯერ კიდევ შეზღუდულია ქვეითებისთვის. იმ კორპუსის მოპირდაპირე შენობაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, პოლიცია მხოლოდ ადგილობრივებს, მათი ვინაობის დადასტურების შემდეგ ატარებს. გაბრიელ სალოსის მეექვსე შესახვევში გადაადგილება კი მხოლოდ ქვეითებისთვისაა დასაშვები.

გაბრიელ სალოსის ქუჩა, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის მანძილზე მიმდინარეობდა 23.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კორპუსი, სადაც თითქმის 22 საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. გაბრიელ სალოსის ქუჩა, თბილისი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

 

კორპუსი, სადაც თითქმის 22 საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. გაბრიელ სალოსის ქუჩა, თბილისი. 23.11.17 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

კორპუსი, სადაც თითქმის 22 საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. გაბრიელ სალოსის ქუჩა, თბილისი. 23.11.17 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

 

კორპუსი, სადაც თითქმის 22 საათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. გაბრიელ სალოსის ქუჩა, თბილისი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

გაბრიელ სალოსის ქუჩა, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის მანძილზე მიმდინარეობდა 23.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გაბრიელ სალოსის ქუჩა, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის მანძილზე მიმდინარეობდა 23.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს. თუმცა, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, ამ დრომდე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ განუცხადებია. ძალოვან უწყებებს არც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლის შესახებ განუცხადებია, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები: | |