ომბუდსმენი: წულუკიანის განცხადებები აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის კრიტიკა სახალხო დამცველი მიმართ ხელისუფლების და სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს.

“ეს არ არის პირველი განცხადება, მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადება. მისი ეს განცხადება პირველ რიგში აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში…  ამაზე სამწუხაროდ, პასუხს ქვეყანა შემდეგ ალბათ მიიღებს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველია.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მინისტრის კრიტიკა იმ კონკრეტულ დარღვევებს უკავშირდება, რომელზეც სახალხო დამცველი ამახვილებს ყურადღებას.

“სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს – პროკურატურა და სასამართლო სისტემა. სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის ყველაზე უფრო განვითარებული საქართველოს ისტორიაში. სახალხო დამცველის აპარატი არის ძლიერი, მუდმივმოქმედი, რომელიც ყველა მიმართულებით მუშაობს, ინსტიტუციური განვითარების კუთხით სახალხო დამცველის აპარატი არის ერთერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო სტრუქტურა”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის მიმართ კრიტიკა მის მიერ გამოქვეყნებულმა შეფასებამ გამოიწვია. ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესების მიმდინარეობა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, ხოლო საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვამ არაერთი უპასუხო კითხვა დატოვა.

უჩა ნანუაშვილის შეფასება გააკრიტიკა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სასამართლო მიიჩნევს, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, რომ დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა.

ომბუდსმენის შეფასება გააკრიტიკა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არაკომპეტენტურია, რაზეც მისი უსაფუძვლო კრიტიკა მიუთითებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com