ახალი ამბები

ომბუდსმენი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს – სასამართლოს გამოხმაურება ციანიდის საქმეზე

16 ნოემბერი, 2017 • 1900
ომბუდსმენი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს – სასამართლოს გამოხმაურება ციანიდის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებით ეხმაურება სახალხო დამცველის ვრცელ ანგარიშს ე.წ. ციანიდის საქმეზე და აკრიტიკებს მას.

სასამართლო მიიჩნევს, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, რომ დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა.

“სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე, მსჯელობაში შევიდა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, გონივრულად წარმოშობილი ეჭვი, მოსამართლის მიერ ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე”, – აცხადებს სასამართლო. მოსამართლისგან განსხვავებით, სახა

თბილისის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ “მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას და იმსჯელოს მასზე, როგორც  ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა”.

სასამართლოს შეფასებით, “სახალხო დამცველისაგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როდესაც იგი ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური  ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს”.

სასამართლოს ამ განცხადების შეფასება ჩვენ ვთხოვეთ რამდენიმე იურისტსა და უფლებადამცველს, რომლებსაც მალე შემოგთავაზებთ.

გუშინ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მონიტორინგის შედეგები, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე ნეტგაზეთის სტატიაში: ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ არაკონსტიტუციური მიდგომა გამოიყენეს. ომბუდსმენის ანგარიშს გუშინვე გამოეხმაურა ციანიდის საქმის პროკურორი, რომელმაც ამ ანგარიშის გამო გააკრიტიკა ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი