თალაკვაძე:ცვლილებების მიზანია ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე ნაკლები ფინანსების დახარჯვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებების მიზანია ფინანსური რესურსების დაზოგვა.

“ბუნებრივია, ერთადერთი მიზანი ამ ცვლილებების იქნება, რომ ნაკლები ფინანსური რესურსი დაიხარჯოს ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე ჩვენს ქვეყანაში და დაზოგილი რესურსები მიიმართოს კიდევ უფრო მეტად ხალხის საჭიროებებზე, იმ სამ მიმართულებაზე. რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის განათლების რეფორმა, ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულება და ეს არის ეკონომიკური რეფორმები და მეტი ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის თანმიმდევრული ნაბიჯი, რომლისთვისაც მმართველი გუნდი ემზადებოდა და აჩქარების გარეშე გაკეთდება,” – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სამინისტროების რეორგანიზაცია და მმართველობის რეფორმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია:

“ეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო დაანონსებული პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი გუნდის მიერ, მმართველობის რეფორმა ემსახურება ეფექტური მთავრობის კიდევ უფრო საზოგადოებაზე ორიენტირებული მენეჯმენტის შექმნას, ასევე, ხარჯების ოპტიმიზაციას. თქვენ იცით, რომ 2018 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია მთავრობის მიმდინარე ხარჯების ერთნახევარპროცენტიან შემცირებაზე, რაც ბუნებრივია საერთო კომპლექსურად წარმოადგენს ამ რეფორმის ერთერთ მინიშვნელოვან კომპონენტს.

პრემიერ-მინისტრი ორშაბათს გააკეთებს განცხადებას, ამომწურავ ინფრომაციას მიაწვდის საზოგადოებას მთავრობის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ამას დასჭირდება გარკვეული დრო და დასჭირდება საპარლამენტო და აღმასრულებლი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობა,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოგიერთი მედიასაშაულება იუწყება მოსალოდნელი სამთავრობო  ცვლილებების შესახებ. თავდაპირველად, 11 ნოემბერს გაზეთმა “პრაიმ ტაიმმა” გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით მომავალ კვირას პოსტს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დატოვებს. გუშინვე On.ge-მ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უქმდება 4 სამინისტრო, კერძოდ:

  1. გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო;
  2. გაუქმებული სპორტის სამინისტროს ფუნქციები დაემატება კულტურისა და განათლების სამინისტროებს;
  3. გაუქმებული გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გადაინაწილებენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები;
  4. სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუერთდება იუსტიციის სამინისტროს.

დღეს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, ასევე, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომ პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას ხვალ, 13 ნოემბერს გააკეთებს. მათივე ცნობით, 18-ის ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება, ანუ პირველი არხის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი 4 სამინისტროს გარდა უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მის ფუნქციებს შეითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრების თანამდებობები, პირველი არხის ცნობით, ასე გადანაწილდება: გიორგი მღებრიშვილის გადაყენების შემდეგ შს მინისტრის პოსტს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს; ეკონომიკის მინისტრის – ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი