ახალი ამბები

პრეზიდენტი: მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია

30 ოქტომბერი, 2017 • 2689
პრეზიდენტი: მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიუღებელია.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

“ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას,” – წერს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილი და გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი