ახალი ამბებისაზოგადოება

ვიტესის კაპიტნის, გურამ კაშიას მხარდაჭერა ლგბტ ადამიანებს

16 ოქტომბერი, 2017 • 5879
ვიტესის კაპიტნის, გურამ კაშიას მხარდაჭერა ლგბტ ადამიანებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის გასულ მატჩზე გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები. ჰოლანდიის უმაღლესი ლიგის გუნდებმა ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად ეს კამპანია ერთად წამოიწყეს.

კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა. ერედივიზიონის განცხადებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან იყოს გულშემატკივარი მისი საყვარელი სპორტის სახეობის.

“ეს კამპანია დავიწყეთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ფეხბურთელებს, მსაჯებს, მხარდამჭერებს, მოხალისეებს და ბევრს სხვა ადამიანს საკუთარი იდენტობის დასაცავად დაწყებულ ბრძოლაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას,” – ნათქვამია ჰოლანდიის ფეხბურთელთა კავშირის (VVCS) თავმჯდომარის, დენი ჰესპის განცხადებაში, რომელსაც ჰოლანდიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, ერედივიზიონის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

გასულ კვირას ლგბტ ადამიანთა მხარდამჭერ კამპანიაში, ჰოლანდიის ფეხბურთელთა კაცებისა და ქალების უმაღლესი ლიგის გუნდების გარდა, ასევე, ჩართული იყვნენ რანგით უფრო დაბალი და სამოყვარულო გუნდებიც. დენი ჰესპის განცხადებით, ამ კამპანიას ჰოლანდიაში სპორტის სხვა სახეობებიც შეუერთდებიან.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

გურამ კაშია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად. ფოტო: ANP

გურამ კაშია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად. ფოტო: ANP

მასალების გადაბეჭდვის წესი