ახალი ამბები

ვერძეული: უნდა გამოიძიონ, ხელოვნურად ხომ არ განადგურდა ნუცუბიძეზე დაკავების კადრები

29 ოქტომბერი, 2017 • 2618
ვერძეული: უნდა გამოიძიონ, ხელოვნურად ხომ არ განადგურდა ნუცუბიძეზე დაკავების კადრები

EMC–ის იურისტის, სოფო ვერძეულის განცხადებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი კაცის დაკავებას პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იღებდნენ, გამოძიება უნდა დაიწყოს და დადგინეს, განგებ ხომ არ წაიშალა კადრები.

25 ოქტომბერს თბილისში, ახალგაზრდა კაცი, პაატა პავლიაშვილი, რომელსაც პატრულის თანამშრომლები აკავებდნენ, გარდაიცვალა. მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ პავლიაშვილი ცუდად იყო, პოლიციამ კი დაკავების პროცესი გააგრძელა და დახმარება არ აღმოუჩინა. 29 ოქტომბერს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, რომ არც პატრულის თანამშრომლების სამხრე კამერებს და არც საპატრულო პოლიციის მანქანის კამერებს მომხდარი არ დაუფიქსირებია.

როგორც სოფო ვერძეული ამბობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კადრების არსებობას, რადგანაც, მხოლოდ ახსნა-განმარტებებით ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ძალიან რთული იქნება.

“ინფორმაცია, რაც პროკურატურამ მოგვაწოდა, არის შემაშფოთებელი იმიტომ, რომ ამდენი დღის განმავლობაში ყველა ითხოვდა უწყვეტ რეჟიმში არსებული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას და პრაქტიკულად, ყველა ვხვდებით, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა ვიდეოკადრებს,”- ამბობს ვერძეული და დასძენს, რომ არსებითი ფაქტობრივი ინფორმაცია სწორედ ამ ვიდეოჩანაწერებს უნდა მოეცა.

მისივე თქმით, არის თვითმხილველთა ახსნა-განმარტებები და იქნება ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ ვიდეოკადრებს ორი რამ ეჩვენებინა:

“ერთი, როგორ იმოქმედა პატრულმა დაკავების დროს და ხომ არ იყო დაკავებისას ისეთი ძალა გამოყენებული, რომელსაც შეეძლო გარდაცვლილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პროვოცირება გაეკეთებინა და მეორე, მას შემდეგ, რაც მოქალაქემ ითხოვა დახმარება, რა მოიმოქმედა პატრულ-ინსპექტორმა, რამდენად დროულად მოხდა მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თუ მოხდა საერთოდ, და რამდენად დროულად გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა,”- ამბობს სოფო ვერძეული.

მისივე თქმით, განცხადება კადრების არარსებობის შესახებ კიდვე უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რომლებიც პოლიციის მისამართით თავიდანვე არსებობდა:

“ხშირად, როდესაც პოლიციის ნებისმიერი წარმომადგენელი მოქმედებს კეთილსინდსიერად და მისი მხრიდან გადაცდომას არ აქვს ადგილი, რატომღაც, ამ დროს ყოველთვის არსებობს ვიდეოკადრები და პირიქით, როცა საეჭვო გარემოა, მაინცდამაინც ასეთ შემთხვევებში არის ან განადგურებული კადრი, ან გადაწერილი მასზე სხვა კადრები, ან საერთოდ არ მუშაობს კამერები. ყველაფერი ერთიანობაში ძალიან ბევრ კითხვას გვიჩენს და ამძაფრებს ეჭვებს, რომელიც თავიდანვე ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მუშაობის მიმართ არსებობდა,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

სიფო ვერძეული მიიჩნევს, რომ აუცლებელია გამოძიება დაიწყოს იმასთან დაკავშირებითაც, ხელოვნურად ხომ არ განადგურდა მტკიცებულება:

“გამოძიება ვალდებულია გააგრძელოს როგორც ამ ფაქტის გამოძება, ასევე გამოიძიოს, ხელოვნურად ხომ არ მოხდა ამ კადრების განადგურება, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო. ეს არის ცალკე შესწავლის საგანი,”- ამბობს ის.

ნეტგაზეთთან საუბრისას ვერძეულმა ასევე განმარტა, რატომ პოლიციელები ვალდებული არიან, საპოლიციო უფლებამოსილების განხორციელებისას გამართულ მდგომარეობაში ჰქონდეთ სამხრე კამერები:

“სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც საპატრულო სამსახურის საქმიანობას არეგულირებს, პირდაპირ მიუთითებს, რომ პატრული როდესაც არის განაწესში,  მას თან უნდა ჰქონდეს სამხრე ვიდეოკამერა. ერთადერთი ლოგიკა და მიზანი იმისა, რომ პატრულს, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს, ჰქოდეს კამერა, არის ის, რომ ეს კამერა უნდა მუშაობდეს. მწყობრიდან გამოსული კამერის ფორმაზე დამაგრების აზრი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. გარედა ამისა, არის პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც, ასევე ავალდებულებს პატრულს, რომ კონკრეტულ სიტუაციებში, ადამაინის უფლებების დაცვის მიზნით, ასევე თავად პოლიციელების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ახორციელებდნენ ვიდეოჩაწერას. რა თქმა უნდა, ის, რომ კამერების შესყიდვაზე დახარჯულია საბიუჯეტო სახსრები და ის, რომ კამერების თავის დროზე დამაგრებას ჰქონდა თავისი მიზანი, უნდა განიმარტოს ისე, რომ პატრული, რომელიც კონტაქტში შედის მოქალაქესთან, ახორციელებს საპოლიციო კონტროლს, უწყვეტ რეჟიმში უნდა ახორციელებდეს ვიდეოგადაღებას.

რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ ან პატრული, რომელიც გავიდა შემთხვევის ადგილას სამართლებრივი ზომების გასატარებლად და მათ იცოდნენ, რომ მიდიოდნენ საპოლიციო ღონისძიებების გასატარებლად, არ იყვნენ მზად, რომ ვიდეოგადაღება შეესრულებინათ, რაც არის პრობლემა და სულ ცოტა, ეთიკის ნორმების დარღვევა და დისციპლინური გადაცდომა. ან უფრო მძიმე შემთხვევა – თუკი მათ ჰქონდათ ჩართულ რეჟიმში ვიდეოკადრები და ახლა უკვე პროკურატურა ვერ ნახულობს კონკრეტული მომენტის ჩანაწერს, მაშინ აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს განზრახ გარკვეული მონაკვეთის ვიდეოკადრის განადგურებას. აქ შეგვიძლია მტკიცებულების განადგურებაზეც ვილაპარაკოთ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ახლა უკვე ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გარე ჩარევით მოხდა ვიდეოკადრების განადგურება, თუ საერთოდ პატრული ისე გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომ მას არ ჰქონდა აუცილებელი ატრიბუტი, რომლის ტარებასაც ავალდებულებს შიდა ინსტრუქცია, რომელიც  მინისტრის მიერ არის დამტკიცებული,”- ამბობს სოფო ვერძეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი