ახალი ამბები

რა ვიცით დაკავების დროს ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შესახებ

26 ოქტომბერი, 2017 • 2142
რა ვიცით დაკავების დროს ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შესახებ

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე 32 წლის კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის  საქმეზე ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საპატრულო ეკიპაჟის  სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველებიც ითხოვენ.

ინციდენტი გუშინ, 25 ოქტომბერს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად დაიღუპა.

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც გარდაცვლილის მეზობლები მომხდარის შესახებ საუბრობდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში პაატა პავლიაშვილის მეზობელი, ნოდარ შანიძე ამბობს, რომ მას ერთ-ერთ მეზობელთან დაპირისპირება მოუვიდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახა.  პოლიციის მოსვლის შემდეგ კი პაატა პავლიაშვილი შანიძის მეზობელს გამოესარჩლა, პატრულის მისამართით კი შეიგინა:

“ბუნებრივია, პატრულმა იმოქმედა შესაბამისად და გადაუგრიხა მას ხელი, იყო მთვრალი, ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც იღებდა, ერთხელ, ფსიქიატრიულში წამიყვანეთო, სასწრაფოს თვითონ დაურეკა და სთხოვა. მას ჰქონდა ეს პრობლემები, ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა, სულ ლოთობდა და ავტოფარეხშიც ცხოვრობდა ერთი პერიოდი. არ იყო ჯანმრთელი ადამიანი, მაგრამ პატრულს რომ შეაგინა და პატრულმაც შესაბამისად იმოქმედა, ალბათ გულზე იმოქმედა. არ ვიცი,რაზე იმოქმედა, ამას ალბათ ექსპერტიზა დაადგენს” – ამბობდა შანიძე შსს-ს მიერ მომზარებულ ვიდეოში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, გურო იმნაძის თქმით, პრობლემაა, როცა სამართალდამცავი უწყებები აქცენტს იმაზე აკეთებნ, თითქოსდა გარდაცვლილი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მოიხმარდა ფიქოტროპულ ნივთიერებებს:

“ერთი მხრივ, ეს არის სერიოზული პრობლემა, რითიც პოლიციის მხრიდან უკვე ადგილი აქვს მცდელობას, შეიქმნას დაღუპულ ადამიანზე გარვეკული უარყოფითი ხატი; თითქოს უკვე გასაგებია, რამ გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა გუშინ. ასეთი ქცევით პოლიცია და სამართალდამცავი უწყება ავლენს თავის პოზიციას ამ საქმის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა” – ამბობს იმნაძე.

გარდაცვლილის მეზობლებს დღეს “ნეტგაზეთიც” ესაუბრა. როგორც ჯემალ პატარიძე გვიყვება, ჩხუბი გარდაცვლილის მეზობლებს შორის დაიწყო, ერთ-ერთმა პოლიცია გამოიძახა. პოლიცია მეორე მეზობელს აკავებდა, რა დროსაც პაატა პავლიაშვილმა გამოიარა:

“თავიდან ორ მეზობელს მოუხდა ჩხუბი. ერთ-ერთმა, რომელიც დაზარალდა ამ ჩხუბის შედეგად, დაიწყო ხმამაღლა გინება, რაზეც გამოიძახეს პატრული. ვინ გამოიძახა არ ვიცი. მოვიდა პატრული და ერთ-ერთ მეზობელს აკავებდნენ. ამ დროს გამოიარა პაატამ, რომ მიჰყავდათ ერთ-ერთი მეზობელი, პაატამაც შეიგინა, ვინც ეს წაიყვანოს, იმის დედაცო. ორი პატრულის თანამშრომელი იყო, მივიდნენ. ერთმა პოლიციელმა თქვა, დაანებე თავიო, მეორე არ შეშვები,ა ამ მომენტში გადაუგრიხეს ხელები და შემოაკვდათ კაცი ხელში. არ ვიცი, შეიძლება ნასვამი იყო და გულმა შეტევა მისცა” – ამბობს პატარიძე.

გარდაცვილის მეგობრები, რომლებიც მომხდარს ასევე შეესწრნენ, “ნეტგაზეთს” ჩაწერაზე უარს ეუბნებიან, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ პავლიაშვილმა პატრულის თანამსრომლებს რამდენჯერმე უთხრა, რომ ცუდად იყო, მაგრამ სამართალდამცავებმა ეს არ გაითვალისწინეს და პავლიაშვილისთვის ხელბორკილების გაკეთება დაიწყეს და მიწაზე დააწყვინეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა, პოლიციამ კი, მეგობრების თქმით, მას პირველადი დახმარებაც არ აღმოუჩინა.

გარდაცვლილის მეგობრების თქმით, პატრულს სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად რომ გამოეძახა, პავლიაშვილი ცოცხალი იქნებოდა.

“რომ გამოეძახათ სასწრაფო და დრულად მიექციათ ყურადღება, პაატა ახლა ცოცხალი იქნებოდა. ეუბნებოდა პოლიციას, რომ ცუდად იყო. მაგათი მხრიდან ჭიდაობა, ხელბორკილების დადება, დაშინება, რომ დაიჭერდნენ და ძირს დაგდება რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა” – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

პაატა პავლიაშვილი ოჯახთან, დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა, ძმა კი 2 წლის წინ გარდაეცვალა. პავლიაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილის უფროსი შვილი წელს სკოლაში პირველად მივიდა. გარდაცვლილის მეგობრების თქმით, პავლიაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიციის შესაძლო გადაცდომის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი