ახალი ამბები

პროკურატურა: პატრული დაკავებისას გარდაცვლილი კაცის დაკავების პროცესს არ იწერდა

29 ოქტომბერი, 2017 • 9865
პროკურატურა: პატრული დაკავებისას გარდაცვლილი კაცის დაკავების პროცესს არ იწერდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით,  25 ოქტომბერს  თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი კაცის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ. ასევე, მომხდარი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილს.

“შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ-სთან და ნ.შ-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ.

მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ – ს დაკავება. ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა,”- აცხადებს პროკურატურა.

მათვე ცნობით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, რომლის ვიდეოჩანაწერიც ამოიღეს, თუმცა ის არ ფარავს პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა, გამოკითხვის მიზნით. ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.
საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას,”- აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი