ახალი ამბები

რაზე ისაუბრა უსუფაშვილმა ევროკომისართან და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან

18 ივნისი, 2013 • • 1200
რაზე ისაუბრა უსუფაშვილმა ევროკომისართან და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კარელ და გუხტმა მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს იმ კონსტრუქციული როლისათვის, რასაც, მისი თქმით, პარლამენტი ასრულებს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში.


“ევროკავშირი მიესალმება რეფორმების გაგრძელებას”.

ევროკომისარმა ასევე ისაუბრა ვილნიუსის სამიტისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საქართველოს მომავალი განვითარებისათვის. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს ეკისრება მნიშვნელოვანი მისია სამომავლო დოკუმენტების გაფორმების დაჩქარებაში.

როგორც პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკომისარმა ისაუბრა ახალი შრომის კოდექსის შესახებაც. “მისი ღრმა რწმენით, საქართველოს ახალი ხელისუფლება წარმატებული იქნება”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპის კომისარს მიღებისთვის. მისი თქმით, ეს არის მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.


,,ახალი ხელისუფლების სურვილია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ქვეყნის ევროპისაკენ სწრაფვა. დღევანდელი პარლამენტი უფრო ევროპულია ვიდრე ოდესმე. მასში წარმოდგენილია ფართო პოლიტიკური სპექტრი. ვილნიუსის სამიტს ჩვენ ყველა დიდი იმედებით ველით. ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად წარიმართა. საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას გვერდში უდგას და, ამავდროულად, ასრულებს მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


“ევროკომისარმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვამცნო. ჯერ დეტალებს ვერ გავახმაურებ, ვინაიდან მოლაპარაკება გრძელდება, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს ვილნიუსის სამიტის წინ ექნება სერიოზული პროგრესი რამდენიმე მიმართულებით. ამ დღეებში ბოლო ფორმულირებებზე მუშაობა სრულდება და პრაქტიკულად ყველა საკითხი ტექნიკურ დონეზე შეთანხმებულია. ევროკომისრისგან ძალიან სერიოზული იმედებით წამოვედით. ამავდროულად, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ევროპასთან ასოცირებული შეთანხმების იმპლემენტაციას დასჭირდება, დროულად იქნება მიღებული”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა კოჰაბიტაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქრურებში ინტეგრაციის პროცესს ქვეყნის შიდა უთანხმოებები ხელს არ შეუშლის.

,,პარლამენტი მზად არის შეასრულოს თავისი როლი საკანონმდებლო დონეზე, მოახდინოს საჭირო დოკუმენტების დროული რატიფიკაცია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისარს რჩევებისა და რეკომენდაციების თხოვნით მიმართა.

,,ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ნამდვილი პარლამენტი საქართველოში, სადაც წარიმართება ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები“.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილის ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან შეხვედრას, პარლამენტის ვებგვერდის ცნობით, ბროკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის და სთხოვა გაეცნო მისთვის საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება. მან ასევე ხაზი გაუსვა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ივანე მერაბიშვილის დაპატიმრების საკითხს და ისაუბრა იმ შეშფოთებებზე, რაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან ოპოზიციას საქართველოში.

,,საქართველოში დღეს საინტერესო ცხოვრება გვაქვს, 7-8 თვეა, რაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, თუმცა პოლიტიკური ცხოვრება ჯერ კიდევ არ არის სტაბილური. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ რეფორმებზე, რათა ქვეყანა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. პარლამენტი მზადაა მიიღოს წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები, რათა დაიხვეწოს ქართული კანონმდელობა”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ახალი შრომის კოდექსისა და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების ალბათობის შესახებ. რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და ზოგადად ოპოზიციას, დავით უსუფაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება კარგად აცნობიერებს იმ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

“9 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იკავებდნენ ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას, უამრავი საქმეა გამოსაძიებელი და არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ გამოძიებას ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მივყავართ. პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მიმართა ევროპელ მეგობრებს, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მონიტორინგი გაეწიათ. შედეგად, საქართველოში ჩამოვიდა ბატონი ჰამერბერგი. ჩვენ მზად ვართ კითხვებს ვუპასუხოთ და განვმარტოთ თითოეული ნაბიჯი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ელმარ ბროკთან საუბრისას და იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი კოლეგები მიუკერძოებლ და საქართველოს მომავალი განვითარებისათვის სასიკეთო შეფასებებს გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი