სოსო ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა – მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ამბობს, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენების თაობაზე პატრიარიქის დაცვის ყოფილ უფროსს ელაპარაკა და ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ჩვენების ჩანაწერი მას არ გაურცელებია. ამის შესახებ მიტროპოლიტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მატროსოვის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა კავშირშია პატიმრების შეწყალებისა და მჩხიბავობის საკითხები, რაზეც სოსო ოხანაშვილმა სასამართლოზე ისაუბრა ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ოხანაშვილის ჩვენების ჩანაწერები მედიით გავრცელდა.

სოსო ოხანაშვილი მიტროპოლიტ დიმიტრის სიძეა.

“ჩემი სიძე… ოხ, ეს ოხანაშვილი. თავსატეხად მექცა მისი სიძეობა. ის ზრდასრული ადამიანია, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ჩვენ ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გქვონია არასასიამოვნო საუბრები მის უხეშეობებზე ადამიანებთან მიმართებაში, იქნებოდა ეს მღვდელმთავარი თუ რიგი სასულიერო პირები. ის მეუბნებოდა, რომ მე სამსახური მაქვს ასეთიო.

სასამართლოზე მის მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით მითხრა, მე ამას ვერაფრით გავავრცელებდი, უცხოეთში ვარ და იმას მოსთხოვეთ, ვინც სასამართლოზე მიცმეული ჩვენება გამოიტანაო. ის ამბობს, რომ სასამართლოზე კითხვა დამისვეს და პასუხი გავეციო. მე ცოტა გაოცებული ვარ, პატიმრობის შეწყალების და მჩხიბავობის საკითხი ციანიდის საქმესთან რა კავშირიშია”, – თქვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, სად იმყოფება ამჟამად სოსო ოხანაშვილი.

“[ოხანაშვილი] მეროჭიკე ბერივით მოგზაურობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხან რუსეთშიც არის, უკრაინაშიც. რომ გითხრათ, მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, ასე არ არის. რამდენჯერმე ვესაუბრე, რომ მას მეტი გონიერება გამოეჩინა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com