ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო — ადვოკატი

16 ივნისი, 2021 • 1808
სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო — ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო. ინფორმაციას სარჩელის ავტორი, იურისტი დავით ჯანდიერი ავრცელებს.

“მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას.

დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ევროპული სასამართლოს გარდა ჩვენ ორისთვის იყო აქამდე ცნობილი) შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნებოდა”, — დასძენს იურისტი.

ადვოკატის განცხადებით, “საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული”. ჯანდიერი დეკანოზ მამალაძესთან შეხვედრას 17 ივნისს გეგმავს.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

რას ნიშნავს კომუნიკაციის დაწყება?

კომუნიცირება ეწოდება სასამართლოს მიერ მოპასუხე მთავრობისთვის საჩივრის გადაგზავნას. საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგად, სასამართლო წყვეტს, რომ საჩივარი უნდა გაეგზავნოს მთავრობას, რომელმაც წერილობით მოსაზრებები უნდა წარმოადგინოს მთელი საჩივრის, მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ.

მთავრობას, როგორც წესი, მოეთხოვება მოსაზრებების წარმოდგენა თექვსმეტი კვირის ვადაში. კომუნიცირების მომენტიდან საქმის განხილვის პროცედურის წარმართვა შესაძლებელია ორ თანმიმდევრულ ეტაპად.

თავდაპირველად, მორიგების ეტაპზე, მხარეებს შეეთავაზებათ შეეცადონ, რომ საქმე მეგობრული მორიგებით დაასრულონ. საამისოდ მხარეებს 12- კვირიანი ვადა ეძლევათ. აღნიშნული ეტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში, საქმე გადავა დავის ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები საქმის შესახებ წერილობით მოსაზრებებს გაცვლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი