დეკანოზ გიორგი მალაძეს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე იხდის მსჯავრს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა.
“გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა, რამდენადაც იგი 24-საათიანი აუდიო-ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება”, – აცხადებდნენ EMC.
EMC-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამი ექსპერტიზით დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა, ხოლო საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, დაინვალიდების სერიოზული რისკი არსებობს.
EMC საჭიროდ მიიჩნევდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.