რამდენიმე საეჭვო გარემოება თიანეთის არჩევნებში

რა სამართლებრივი  საფუძველი აქვს თამაზ მეჭიაურის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თიანეთში არჩევნები მისი კონკურენტის ქართული ოცნებიდან, ლელა ქიტესაშვილის სასარგებლოდ გააყალბეს?

თიანეთის საარჩევნო ოლქი, სადაც მერის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი, თამაზ მეჭიაური და ლელა ქიტესაშვილი  (“ქართული ოცნება”) მონაწილეობდნენ, სულ 20 საარჩევნო უბნისაგან შედგება. 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე ყველა მათგანი დაიხურა. საუბნო კომისიებმა ხმები დათვალეს და აღმოჩნდა, რომ ჯამში, თამაზ მეჭიაურმა კონკურენტი ოლქში ზუსტად 1 ხმით დაამარცხა. მეჭიაურმა ზეიმი დაიწყო, თუმცა, ნაადრევად.

“ქართულმა ოცნებამ” საოლქო კომისიაში გაასაჩივრა თიანეთის მე-20 უბნის შედეგი და მოითხოვა გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლა იმის შესამოწმებლად, ბათილ ბიულეტინებს შეცდომით ნამდვილებიც ხომ არ შეურიეს. საოლქო კომისიამ “ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა. კონვერტი  გახსნა და აღმოაჩინა, რომ საუბნო კომისიის მიერ ბათილად მიჩნეული 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილი იყო და ამომრჩევლის ნება ლელა ქიტესაშვილის სასარგებლოდ იყო გამოხატული. საოლქო კომისიამ 5 ბიულეტენი “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლელა ქიტესაშვილმა არჩევნებში 4 ხმით გაიმარჯვა. ამ ყველაფრის ირგვლივ არაერთი გარემოება არსებობს, რასაც თამაზ მეჭიაური და მისი ინტერესების დამცველი საია საეჭვოდ მიიჩნევს.

#1 – დრო

საია იურისტის, მიხეილ ჯახუას ინფორმაციით,  რომელიც მან სასამართლო სხდომაზე გაახმიანა, ქართულმა ოცნებამ ბათილი ბიულეტენების გადათვლის თაობაზე  განცხადება საოლქო კომისიში გამთენიისას, 04:37 საათზე შეიტანა, ხოლო საოლქო კომისიამ ეს საკითხი შეტანიდან 20 წუთში, ანუ 05:00 საათზე განიხილა.

თუმცა ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მე-20 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმთან, სადაც წერია, რომ ოქმი 05:02 საათზე შედგა, ანუ ამ ქრონომეტრაჟით გამოდის, რომ “ოცნებამ” ოლქს იმ დროს მიმართა, როდესაც უბანს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ ჰქონდა შედგენილი.

მცხეთის რაიონულ სასამართლო სხდომაზე მე-20 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ნუნუ წიწიკაშვილმა განაცხადა, რომ უბანმა ოქმი რეალურად 02:05 საათზე შეადგინა და ის, რომ დოკუმენტში 05:02 საათი ჩაიწერა, მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური შეცდომაა, რომელიც მდივანმა დაუშვა.

თუმცა აღსანიშნავია ის, რომ უბანმა ოქმი არა 05:00 საათზე, არამედ უფრო ადრე შეადგინა, რაც კომისიის სხვა წევრებმაც დაადასტურეს სასამართლოზე, სადაც ისინი მოწმის სახით წარდგნენ.

#2 – უბანი საჩივრის გარეშე

“ქართულმა ოცნებამ” საოლქო კომისიაში საჩივარი ისე შეიტანა, რომ უბანზე სადავო საკითხი ოფიციალურად არ გაუპროტესტებია. ანუ უბანზე არც საჩივარი და არც განსხვავებული აზრი დაუწერია. 

თამაზ მეჭიაურის მხარის სამართლებრივი პოზიციაა, რომ საარჩევნო კოდექსის 72-74 მუხლების მიხედვით ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადება ან საჩივარი შედგენილი უნდა ოყოს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

მოსამართლე კობა გოცირიძემ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ჰკითხა გიორგი ცალუღელაშვილს, რომელსაც საარჩევნო საკითხებზე მუშაობის 10-წლიანი სტაჟი აქვს, როგორ მოხდა ასეთი საჩივრის განხილვა? მან პროცედურის დარღვევა დაღლილობას მიაწერა.

ლელა ქიტესაშვილის თქმით კი, როდესაც მე-20 უბანი დაიხურა, მათმა წარმომდგენელმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ დათვლისას შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ხარვეზებს ბათილი ბიულეტენების აღრიცხვის თვალსაზრისით და ამიტომ მიმართეს ოლქს.

თამაზ მეჭიაურის მხარის პოზიციაა, რომ “ოცნების” განცხადება ბათილი ბიულეტენების დათვლის თაობაზე დაუსაბუთებელია. განცხადებაში წერია, რომ ბათილი ბიულეტენების საკითხმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, მეჭიაურის მხარის პოზიციით კი ეს დაუსაბუთებელი მოთხოვნაა, რადგან თეორიულად არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა ყველა უბანს შეუძლია. საია ამბობს, რომ პრაქტიკაში ოლქი ასეთი ტიპის მოთხოვნებს არასდროს აკმაყოფილებს. თიანეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილმაც დაადასტურა, რომ პრაქტიკაში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

#3 – შემოუხაზავი ბიულეტენები

საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრმა სასამართლო პროცესზე გაიხსენა, რომ იმ 24 ბიულეტენს შორის, რომელიც მათ რამდენიმე გადათვლის შემდეგ ბათილად მიიჩნიეს, იყო რამდენიმე ისეთი, სადაც არც ერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული.

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სასამართლოზე თქვა, რომ 7 შემოუხაზავი ბიულეტენი ახსოვს. თუმცა, როდესაც ოლქში მიტანის შემდეგ ბათილი ბიულეტენების კონვერტი გახსნეს,  იმ ადამიანების ინფორმაციით, რომლებიც იმ დროს კონვერტის გახსნას ესწრებოდნენ, შემოუხაზავი ბიულეტენები აღარ ამოსულა.

საოლქო კომისიის ზოგიერთი წევრისა და დამკვირვებლის ინფორმაციით, ღამის საათებში საოლქოს შენობა პოლიციას ჰქონდა გარშემორტყმული და არც შიგნით უშვებდნენ არავის და არც იქიდან ატარებდნენ ვინმეს. თუმცა 05:00 საათზე, როდესაც ოლქმა სხდომა ჩაატარა, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა, მათ შორის თამაზ მეჭიაურის წარმომადგენელმა, შესვლა მოახერხეს.

საოლქოში თამაზ მეჭიაურის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ბათილი ბიულეტენების კონვერტი მათთვის წესის დაცვით არ უჩვენებიათ და გამოთქვა ეჭვი, რომ შესაბამისი წესით არც იყო დალუქული. ამას ოლქის თავმჯდომარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ კონვერტი ყოველგვარი პროცედურის დაცვით გაიხსნა.

#4 – სარჩელი

მანამ, სანამ თამაზ მეჭიაური საიაში მივიდოდა და ისინი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთად სარჩელს შეიტანდნენ, ეს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა, რომელსაც საიას შეფასებით საეჭვო მოტივაცია უძღვის წინ. საია და მეჭიაური ითხოვენ, რომ გაუქმდეს თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაიხსნა ბათილი ბიულეტენების კონვერტი და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს დაემატა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის პოზიციით, ეს გადაწყვეტილებაც უნდა გაუქმდეს, ოღონდ მხოლოდ მე-20 უბანზე არჩევნები ხელახლა  უნდა ჩატარდეს. საიას და მეჭიაურის პოზიციაა, რომ ამ უბანზე არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ის, რომ უბნის შიგნით არც ერთ მხარეს და დამკვირვებელს, მათ შორის ამავე არასამთავრობოს, საჩივარი არ დაუწერია. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს იქ განმეორებითი არჩევნები.

დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ამბობს, რომ უბანზე ცოტა ხნით იმყოფებოდა ლელა ქიტესაშვილი, მერობის კანდიდატი, ასევე ოლქში პროცესები ბუნდოვან ვითარებაში განვითარდა და უმჯობესია, რომ გამარჯვებულის ბედი მე-20 უბანზე ხელახალმა არჩევნებმა გადაწყვიტოს. ამას მეჭიაურის მხარე არ ეთანხმება, მათი პოზიციაა, რომ ქიტესაშვილის რამდენიმეწუთიანი შესვლა უბანზე არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მსგავსი რამ სხვა უბანზე დაფიქსირდა და მათთვის გაურკვეველია, რატომ არ ითხოვს ეს ორგანიზაცია იმ უბნის გადათვლას.

თამაზ მეჭიაურის პოლიტიკური პოზიციაა, რომ თუ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, მაშინ ეს არა მხოლოდ ერთ უბანზე უნდა მოხდეს, არამედ მთელ ოლქში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com