თიანეთის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იმ პარტიებს, რომლებიც მასთან კოორდინაციაში არიან, მერიაში თანამდებობებს შესთავაზებს. მოადგილედ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ილია არჩემაშვილს დანიშნავს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა:
„ეს პიროვნება, რომელიც „პროგრესი და თავისუფლებიდან“ არის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა კენჭს. გავიდა მესამე ადგილზე, საკმაოდ მაღალი პროცენტით. თითქმის 19 პროცენტი ჰქონდა. გვქონდა კონსულტაციები და, ფაქტობრივად, მოლაპარაკება შედგა. მე გამოვაცხადე და წინააღმდეგი არც არავინ არის, კონკრეტულ ადგილებზე შეთავაზებები ჩემგან არაკორექტული იქნება იმიტომ, რომ უმეტესობა ადგილების ამჟამად დაკავებულია. რა თქმა უნდა, პრივილეგიები ექნებათ იმ პარტიებს, რომლებიც თანამშრომლობენ, თუნდაც კომისიების კოორდინაციის კუთხით“, – ამბობს თამაზ მეჭიაური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ვინაიდან მის პარტიას საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები არ ჰყავდა, სხვადასხვა პარტიებთან თანამშრომლობდა და კოალიციურ მთავრობასაც მათთან ერთად დააკომპლექტებს. ამასთან, მეჭიაურის თქმით, ითანამშრომლებს ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც პარტიულ ინტერესზე მაღლა მუნიციპალიტეტის განვითარებას აყენებს:
„მოგეხსენებათ, მე კომისიის წევრები არ მყავდა, მხოლოდ დამკვირვებლები. აქედან გამომდინარე, მიწევდა თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიასთან. მზად ვარ მათთან სათანამშრომლოდ. ასევე, ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტის საკითხების უზენაესობას აღიარებენ პარტიულ ინტერესზე. რომ გამოვაცხადოთ პარტიული ინტერესების დაჯახების ადგილად მერია, მუნიციპალიტეტი დაზარალდება. ამიტომაც, პირიქით, უნდა მოხდეს შეჯერება ინტერესების, რომელიც მოემსახურება უპირველესად მუნიციპალიტეტის განვითარებას“ ,- ამბობს თიანეთის მერობის კანდიდატი.
მეჭიაურის თქმით, ენმ-სგან უკვე აქვს ზეპირი თანხმობა მათი კანდიდატის ვიცე-მერობასთან დაკავშირებით და ამჟამად დეტალებზე ხდება შეჯერება. ამასთან, მეჭიაური აღნიშნავს, რომ თიანეთში 2017 წლიდან ისედაც კოალიციური მთავრობა აქვს და მერიაში მასობრივ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ცვლილებები არჩევნების შედეგების გათვალისწინებით იქნება:
„თიანეთში არის ძველი მერია, ვისთანაც მე მიწევდა მუშაობა. ნაწილი ჩემი თანაპარტიელები არიან, უფრო მეტი შეიძლება სხვადასხვა პარტიიდან იყოს. მე 2017-დან ისედაც კოალიციური მმართველობა მქონდა. ცვლილებებიც იქნება არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, მაგრამ მასობრივად გადაყენებას ნამდვილად არ ვაპირებ“, – ამბობს მეჭიაური.
თიანეთის მერის არჩევნების პირველ ტურში თამაზ მეჭიაურმა ხმათა 30.095% აიღო და მეორე ტურში გადავიდა. პირველ ადგილზე, „ცესკოს“ მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლევან წიკლაური ხმათა 43.2%-ით გავიდა.
არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე მეჭიაურს პრემიერმა ღარიბაშვილმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა, რაზეც მეჭიაურმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს და სჯობს ღირსეულად წააგოს, ვიდრე მისი შეთავაზება გაითვალისწინოს.