ახალი ამბები

მეჭიაურმა თიანეთში არჩევნები წააგო — წინასწარი მონაცემები

31 ოქტომბერი, 2021 • 1781
მეჭიაურმა თიანეთში არჩევნები წააგო — წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში დამარცხდა თამაზ მეჭიაური, რომლის კონკურენტიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან წიკლაური იყო.

თამაზ მეჭიაურმა თიანეთში ზმების 45.174% მიიღო, რაც 2 682 ხმას ნიშნავს. რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატს, მას 54.826% აქვს (3 255 ხმა).

წინასწარი მონაცემებით, მეჭიაურმა 573 ხმით წააგო.

თამაზ მეჭიაურმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთი ხმით მოუგო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს და ოთხი წლის განმავლობაში ის თიანეთის ოპოზიციონერი მერი იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 30 ოქტომბერს, მოიგო ყველა ოლქში, გარდა წალენჯიხისა, სადაც სახელისუფლებო კანდიდატს ხმების რაოდენობით ენმ-ის მერობის კანდიდატმა აჯობა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი