ახალი ამბები

თიანეთში მეჭიაურს ენმ მხარს უჭერს

28 ოქტომბერი, 2021 • 1315
თიანეთში მეჭიაურს ენმ მხარს უჭერს

თიანეთის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თამარ მეჭიაურს მხარდაჭერას უცხადებს.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას ილია არჩემაშვილი ავრცელებს, რომელიც თიანეთში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობაზე იყრიდა კენჭს.

არჩემაშვილის თქმით, მიესალმება თამაზ მეჭიაურის ინიციატივას თიანეთში კოალიციური მმართველობის შესახებ. მისი თქმით, სწორედ კოალიციური შეთანხმებებით მიიღწევა საუკეთესო გადაწყვეტილებები ქვეყნის და ადგილობრივ პოლიტიკაში.

„ფაქტია, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართვველობა უნდა დასრულდეს, რომ ქვეყანამ ჭაობიდან ამოსვლა და განვითარება შეძლოს.
დღეს, როცა ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურის მოლოდინია და ოპოზიციის კანდიდატებს, ერთიანი კოალიციური შეთანხმების შედეგად, გარდამტეხი გამარჯვების რეალური შანსი აქვთ, კარგი პრეცედენტია თიანეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის ინიციატივა. ჩემს გუნდთან ერთად განვიხილეთ შემოთავაზებული წინადადება თიანეთში კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ და ვთანხმდებით, მივიღოთ მონაწილეობა რაიონის ერთობლივ მართვაში.

თიანეთის ნაციონალური მოძრაობის ოფისი და ჩვენი ამომრჩეველი მხარს ვუჭერთ მეორე ტურში თამაზ მეჭიაურის და ჩვენი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვებას. რაც შემეხება მე, არაერთხელ ვთქვი, რომ ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის მიღება, ჩემს საქმეს, რომ თიანეთი განვითარდეს და აქ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება შეძლონ, ვაკეთებდი და გავაკეთებ ყოველთვის. ვრჩები თიანეთის და თიანეთელების ერთგულ გულშემატკივრად! წარმატებები თამაზს მეორე ტურში!“ – აცხადებს ილია არჩემაშვილი.

თიანეთის მერის არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე, „ცესკოს“ მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლევან წიკლაური ხმათა 43.2%-ით გავიდა, თამაზ მეჭიაურმა ხმათა 30.095% აიღო და ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ილია არჩემაშვილმა- 18.082%.

თიანეთის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იმ პარტიებს, რომლებიც მასთან კოორდინაციაში არიან, მერიაში თანამდებობებს შესთავაზებს. მოადგილედ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ილია არჩემაშვილს დანიშნავს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა.

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე მეჭიაურს პრემიერმა ღარიბაშვილმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა, რაზეც მეჭიაურმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს და სჯობს ღირსეულად წააგოს, ვიდრე მისი შეთავაზება გაითვალისწინოს.

გამარჯვების შემთხვევაში მეჭიაური მერიაში პოსტებს სხვა პარტიებს შესთავაზებს

მასალების გადაბეჭდვის წესი