შსს: “ლურჯი ვეშაპი” ქართულ ინტერნეტში არ არსებობს – ხუთთვიანი გამოძიების შედეგები

თითქმის ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ე.წ. ონლაინ თამაში “ლურჯი ვეშაპი”, რასაც არასრულწლოვნების სუიციდის მცდელობებს უკავშირებდნენ, ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს. ამის შესახებ შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყო გამოძიება ონლაინ თამაშის – „ლურჯი ვეშაპის“ შემქმნელების მიერ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის, ასევე, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ „ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს: “ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას, მათ შორის, ნაკაწრის სახით, შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ.”

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. უწყების განცხადებით, გამოძიება თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას. მათი ცნობით, ასევე განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე გამოძიების პროცესში, არაერთი სხვა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა:

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში “ლურჯი ვეშაპის” არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა.”

2017 წლის მაისის ბოლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ონლაინ თამაშმა “ლურჯმა ვეშაპმა” ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც შემოაღწია და ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ამ “თამაშის” სახელით ქართულ ინტერნეტ სივრცეში, კონკრეტულად, სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” რამდენიმე ჯგუფი და გვერდი მართლა შეიქმნა. ერთ-ერთ გვერდს ნეტგაზეთის რეპორტიორები ყალბი ანგარიშებიდან დავუკავშირდით, ხოლო კითხვებზე უშინაარსო და გაუმართავი პასუხები მივიღეთ.

სხვადასხვა ქვეყნის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის “თამაში” თინეიჯერებისათვის, რა დროსაც “კურატორი” მოთამაშეებს გარკვეულ დავალებებს აძლევს შესასრულებლად. “სუიციდის თამაშს” რამდენიმე სახელით იცნობენ, ხოლო მისი უკანასკნელი დავალება, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სუიციდი იყოს.

მედიაში ცირკულირებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “თამაშს” მსხვერპლი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მოჰყვა, მათ შორის ევროპაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის პოლიციამ მშობლებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა ზემოხსენებულ “თამაშთან” დაკავშირებით.

ამავე ცნობების მიხედვით, “თამაში” 50 დღის განმავლობაში გრძელდება და ანონიმური ადმინისტრატორი ახალგაზრდებს თვითდაზიანებისა და სხვა სახიფათო საქმიანობის დავალებებს აძლევს, რაც თვითმკვლელობისაკენ მოწოდებით სრულდება. თუმცა თინეიჯერის თვითმკვლელობა ზემოხსენებულ “თამაშთან” ჯერ ოფიციალურად არც ერთი ქვეყნის პოლიციას დაუკავშირებია და, შესაბამისად, არავინ დაუკავებიათ, გარდა რუსეთისა.

  • რამდენად რეალურია “სუიციდის ინტერნეტ თამაშები?” – ნეტგაზეთის სტატია ე.წ. ლურჯი ვეშაპის შესახებ და მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში.

  • როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.