Screen Shot 2017-05-28 at 6.45.09 PM

რამდენად რეალურია “სუიციდის ინტერნეტ თამაშები?” – რჩევები თვითმკვლელობის ნიშნების ამოსაცნობად

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებულმა ინტერაქტიულმა “თამაშმა” საქართველოშიც შემოაღწია და ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობა სცადა.

პოლიციაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალები, მათ შორის ის, სწავლობს თუ არა გამოძიება ინტერნეტ-თამაშის შესაძლო კავშირს სუიციდის მცდელობასთან, უცნობია.

ნეტგაზეთმა ასევე გაარკვია, რომ შესაბამისი თამაშის მსგავსი დასახელების მქონე ჯგუფი სოციალური ქსელების ქართულენოვან სივრცეშიც არსებობს (2017 წლის მარტიდან), ასევე არსებობს ჰაშთაგიც (2017 წლის აპრილიდან), თუმცა ჯგუფის ადმინმა (რომელსაც ყალბი ანგარიშიდან მივწერეთ) განაცხადა, რომ “ცუდთან” თამაშს შეხება არ აქვს და წესები ასე განგვიმარტა:

Screen Shot 2017-05-28 at 4.20.07 PM

მითი თუ რეალობა

“სუიციდის თამაშს” ინტერნეტში რამდენიმე სახელით იცნობენ. სხვადასხვა ქვეყნის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის “თამაში” თინეიჯერებისათვის, რა დროსაც “კურატორი” მოთამაშეებს გარკვეულ დავალებებს აძლევს შესასრულებლად. “თამაშის” უკანასკნელი დავალება, ამავე ინფორმაციით, შესაძლოა სუიციდი იყოს.

მედიაში ცირკულირებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თამაშს მსხვერპლი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მოჰყვა, მათ შორის ევროპაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის პოლიციამ მშობლებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა ზემოხსენებულ თამაშთან დაკავშირებით.

ამავე ცნობების მიხედვით, თამაში 50 დღის განმავლობაში გრძელდება და ანონიმური ადმინისტრატორი ახალგაზრდებს თვითდაზიანებისა და სხვა სახიფათო საქმიანობის დავალებებს აძლევს, რაც თვითმკვლელობისაკენ მოწოდებით სრულდება.

თუმცა თინეიჯერის თვითმკვლელობა ზემოხსენებულ თამაშთან ჯერ ოფიციალურად არც ერთი ქვეყნის პოლიციას დაუკავშირებია და, შესაბამისად, არავინ დაუკავებიათ, გარდა რუსეთისა.

2016 წელს “ნოვაია გაზეტამ” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შექმნილი იყო “სიკვდილის ჯგუფები”, რომელმაც, სავარაუდოდ, 130-მდე ახალგაზრდა მიიყვანა თვითმკვლელობამდე. თუმცა გაზეთი წერდა, რომ მათ 130-ვე საქმე არ შეუსწავლიათ. ინფორმაციის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში მხოლოდ ერთი ადამიანი, 21 წლის ფილიპ ბუდეიკინი დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 2016 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მინიმუმ 15-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი “სიკვდილის ჯგუფებთან” კავშირის შემდეგ. თუმცა ბუდეიკინის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამომძიებლები, ოფიციალურად, მხოლოდ ერთი თინეიჯერის თვითმკველოლობამდე მიყვანას ედავებიან.

რუსეთის საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ბუდეიკინმა ზემოხსენებული საქმე ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც  17 წლის იყო და ამ პერიოდში “მეთოდები დახვეწა”.

თავად ბუდეიკინი სხვადასხვა პერიოდში გაკეთებულ განცხადებებში ბრალს ხან აღიარებდა და ამბობდა, რომ “საზოგადოებას წმენდდა”, ხან უარყოფდა. 2017 წლის მაისში კი, რუსული მედიის ინფორმაციით, მან ბრალი აღიარა.

“ნოვაია გაზეტა” წერდა, რომ ბუდეიკინი ერთადერთი ადმინისტრატორი არ არის, რომელიც სოცქსელში ამ ტიპის საქმიანობას ეწეოდა, თუმცა დღემდე სამართალდამცველებს სხვა არავინ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, კიდევ 10 ადამიანი დაკითხეს.

2017 წლის მაისში რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ინტერნეტში “სიკვდილის ჯგუფის” შექმნა (გაერთიანება თვითმკვლელობისკენ მოწოდებისთვის) 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამ კანონს ეჭვის თვალით უყურებენ ვკონტაქტეში ყველაზე დიდი ჯგუფის დამფუძნებლები, რომლებსაც BBC-ის რუსული რედაქცია ესაუბრა. ისინი ამ კანონის უკან ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივაციას ხედავენ ინტერნეტ-თავისუფლების შეზღუდვის კუთხით.

“სიკვდილის ჯგუფის”  ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უკვე ძველი ამბავია და მის შესახებ ყველამ დაივიწყა. არსებობდა ერთადერთი “სიკვდილის ჯგუფი”, რომელიც უფრო ტროლინგი იყო, მაგრამ ძალიან სერიოზულად მიიღეს. ვკონტაქტეში არსებობს ასეთი ტენდენცია – თუ რაღაც პოპულარული ხდება, იწყებენ ამ ჯგუფის კოპირებას იმისათვის, რომ მეტი გამომწერი დაიმატონ და რეკლამა გაყიდონ. ამიტომ ხელისუფლებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სუიციდის თემის პედალირება ბევრმა ადამიანმა დაიწყო.

ახლა, როცა ეს უკვე აღარავის აინტერესებს, მათ მიიღეს კანონი, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გამოაცხადო კანონდამრღვევად, ისევე როგორც მორწმუნეთა გრძნობების დაცვის კანონით. ნებისმერს შეუძლია თქვას, რომ ესა თუ ის კონტენტი თვითმკვლელობის სურვილს უჩენს”, – ამბობს რობერტო ფანჩვიძე, ვკონტაქტეს მომხმარებელი და ერთ-ერთი ცნობილი ჯგუფის შემქმნელი.

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით კი, ბუდეიკინის ტიპის ადმინისტრატორები ახალგაზრდებს ასწავლიან გზას, თუ როგორ გაასუფთავონ კომპიუტერი და სმარტფონი ისე, რომ თამაშში მონაწილეობის ყველა მტკიცებულებები წაშალონ. იმის შესახებ, თუ როგორ ერთვებიან ახალგაზრდები თამაშში, მედიით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ბუდეიკინის შემთხვევაში ნოვაია გაზეტა წერს, რომ ის თვითონ სწერდა ახალგაზრდებს და კომუნიკაციის დასაწყებად “ძალიან საშიშ ვიდეოებს” უგზავნიდა.

ნოვაია გაზეტას მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება გააკრიტიკა “მედუზამ”, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია: 5 კითხვა “სიკვდილის ჯგუფების” ჟურნალისტური გამოძიების თაობაზე.

“მედუზას” სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ ნოვაია გაზეტას მიერ ჩატარებული გამოძიება არაერთ ჟურნალისტურ ხარვეზს შეიცავს. “მედუზას” ინფორმაციით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნოვაია გაზეტას კონკრეტული ჟურნალისტი “ინტერნეტისაგან ბავშვების დაცვის” თაობაზე აქვეყნებს სტატიებს.

ნოვაია გაზეტა თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში წერდა, რომ 130 თინეიჯერი, რომლებმაც 2015-2016 წლებში თავი მოიკლეს, ერთსა და იმავე ჯგუფებში იყო გაწევრიანებული ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში. “მედუზა” კი წერს, რომ ცალკე აღებული ეს ფაქტი არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ თინეიჯერებმა თავი სწორედ ამ ჯგუფების გამო მოიკლეს და გამორიცხული არ არის, რომ სუიციდური აზრების მქონე მოზარდები შესაბამის ჯგუფებში თემატურად წევრიანდებოდნენ.

“ინფორმაციის წყაროები, რომლებიც “მედუზამ” გადაამოწმა, არ ადასტურებენ, რომ ინტერნეტი სუიციდის პირდაპირ მიზეზად შეიძლება იქცეს. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც სოციალურმა ქსელებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ადამიანის სუიციდიალურ განწყობაზე, თუმცა საუბარია მხოლოდ მათზე, ვინც უკვე იმყოფება რისკის ჯგუფში”, – წერს მედუზა და დასძენს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია შესაძლოა მხოლოდ “დაეხმაროს” თვითმკვლელობაში შესაბამისი სურვილის მქონე ადამიანს, მაგრამ ვერ გახდება სუიციდის მთავარი მიზეზი.

2017 წლის თებერვალში რადიო თავისუფლებამ ჩაატარა დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ რუსულ სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “სასიკვდილო თამაშის” შედეგად რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 100-ზე მეტმა ადამიანმა მოიკლა თავი, საფუძველი არ აქვს.

ნიშნები

BBC ლონდონელ სპეციალისტებსა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციებზე დაყრდნობით აქვეყნებს შესაძლო ნიშნებს, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, თუმცა ამ ნიშნების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სუიციდური ფიქრები აქვს და სახიფათო თამაშს თამაშობს ინტერნეტში:

  • თუ თინეიჯერი ხდება ძალიან საიდუმლოებით მოცული, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რასაც ინტერნეტში აკეთებს
  • ბევრ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში
  • თუ სმარტფონის (კომპიუტერის) ეკრანს თიშავს მიახლოებისას
  • თუ ხშირად ბრაზდება ინტერნეტით სარგებლობის ან შეტყობინების გაგზავნის შემდეგ
  • თუ ელექტრონულ მოწყობილობაში ბევრი ახალი იმეილის მისამართი და ტელეფონის ნომერი აქვს შენახული

ბავშვის ექსპლოატაციისაგან დაცვის ბრიტანეთის სამთავრობო სააგენტო აცხადებს, რომ ხანდახან ბავშვის ხასიათში ცვლილება სრულიად ნორმალურია და მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა არ გადააჭარბოს.

სააგენტოს განცხადებით, მშვიდი და ღია საუბარი ხასიათის ცვლილების იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებაა. ასევე, ექსპერტების რჩევაა, რომ დასჯას შედეგი არ მოჰყვება.

“ბავშვები ხშირად არიდებენ თავს მათი წუხილების შესახებ საუბარს, თუ სჯერათ, რომ ამის გამო ინტერნეტთან წვდომას შეუზღუდავენ”, – ვკითხულობთ BBC-ის ვებგვერდზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ეს მაჩვენებელი მაღალია ჩვენს ქვეყანაშიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2014 წლიდან მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობს.

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com