“თეთრი ხმაური”: გაუგებარია, რამ განაპირობა წულუკიანის პოზიციის ცვლილება ნარკოპოლიტიკაზე

12 ოქტომბერს გავრცელდა თეა წულუკიანის პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ “არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია”, რაც თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის გაუგებარია.

„მე პირადად ვთვლი, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. მაგრამ ვარ მომხრე ლიბერალიზაციის, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტი ებრძოლოს, მათ შორის სისხლის სამართლის წესით, ნარკოტიკის არა მხოლოდ გადამყიდველს, ასევე შემომტანს. ამასთან, ადამიანის უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული”, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რევოლუციური ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. მაგალითად, ის, რომ ზედოზირების შემთხვევებში ექიმს აღარ ეკისრება ვალდებულება, რომ ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინოს.

თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, გაუგებარია, რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ასეთი ცვლილება, როდესაც სწორედ ის გახლდათ 2013 წელს ნარკოპოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის ქომაგი. როგორც თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, დღეს ინიცირებული კანონპროექტიც სწორედ მინისტრის მიერ წინა წლებში შემუშავებული კანონპროექტის პრინციპებზეა დაშენებული.

რაც შეეხება თეა წულუკიანის დღევანელ განცხადებას შემოტანასა და გაყიდვასთან დაკავშირებით, მოძრაობის წევრების განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტით აღნიშნული ქმედებები ისედაც მკაცრად დასჯადი რჩება, რაც მინისტრისთვის ცნობილი უნდა იყოს.

თეთრი ხმაურის მოძრაობა მიიჩნევს, რომ დღევანდელ სენსიტიურ პერიოდში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილია აღნიშნული საპარლამენტო პროცესისკენ, მინისტრის ასეთი ზედაპირული განცხადება არის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

თეთრი ხმაურის მოძრაობა თეა წულუკიანს მოუწოდებს, ნათლად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს “ლიბერალიზაციის” ბუნდოვან ტერმინში, რადგან ინიცირებული კანონპროექტი, მათი თქმით, არა შემოტანისა და გავრცელების, არამედ მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ეხება.

მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ეს ყოველივე ხდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრამდე 4 დღით ადრე. ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე უწყებათაშორისი კომოსიის სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.