აფხაზებისა და ოსების მკურნალობა – სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიშანი

სანამ ამ სტატიას ვწერ, “ეხო კავკაზას” ვებგვერდსა და მისი ფეისბუკის გვერდზე ქართველ და აფხაზ ავტორებსა და მკითხველებს შორის მორიგი კამათი განახლდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დამნაშავე, პირველმა ვინ დაიწყო. იხსენებენ 80-იანი წლების ბოლოს გამართულ მიტინგებს, პირველი ცემის ფაქტებსა და მსხვერპლს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარების შეყვანასა და ომის 13 თვეს და, რა თქმა უნდა, ომის შემდეგ აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნას. ემოციები, წყევლა, გინება, სიძულვილი – ეს არის ყველა ნიშანი აფხაზებსა და ქართველებს შორის დღემდე მიმდინარე ეთნოკონფლიქტისა.

დიახ, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ეთნიკური განზომილება აქვს. ამის ახსნა ქართველებისთვის, რომელთაც არ უცხოვრიათ საქართველოში და მასთან კონტაქტი არ ჰქონიათ, ზოგჯერ რთულია. სევდიან ღიმილს იწვევს ხოლმე თბილისელების განცხადებები იმის შესახებ, რომ ქართველებს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ აფხაზებთან, მათთან ნათესაობითაც კი ამაყობდნენ.  თუმცა აფხაზეთის ქართულ საზოგადოებას მშვენივრად ახსოვს შეტაკებები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე არსებულ დაძაბულობასა და წინააღმდეგობებს ახლდა თან.

თუმცა კონფლიქტის კიდევ ერთი განზომილება არსებობს, რომლის გახსენებაც, ვფიქრობ, საჭიროა. 1992 წელს ომი არც ქართულ და არც აფხაზურ საზოგადოებას დაუწყია. ეს საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გააკეთა – საერთაშორისოდ აღიარებულმა სახელმწიფომ. ეს ომი პრაქტიკულად გადაიზარდა საქართველოს სახელმწიფოსა და აფხაზური ეთნოსის დაპირისპირებაში, რის შესახებაც წინა მასალაშიც ვწერდი. დიახ, ომს ადგილობრივი ქართველებიც და სხვა ეთნიკური ჯგუფებიც შეუერთდნენ, თუმცა ამ ომის საერთაშორისოდ აღიარებული ერთადერთი სუბიექტი საქართველო იყო. ეთნოსებს არ ასამართლებენ, აი, სახელმწიფოებს კი …

საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან კომფორტულია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დაზარალებული მხარის პოზიციაში ყოფნა. თუმცა, რეალურად, ასეთი [დაზარალებული] აფხაზეთის ქართული საზოგადოებაა, ქართველი დევნილები, და არა სახელმწიფო. გასაგებია, რომ არც ერთმა ომისშემდგომმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე ვერ აიღო ომზე პასუხისმგებლობა – ამას პოლიტიკური ძალების უმრავლესობა და მთლიანობაში ქართული საზოგადოება წინ აღუდგება; დაურეგულირებელი კონფლიქტების პირობებში, ამას შესაძლოა სამართლებრივი შედეგებიც ჰქონდეს. ამიტომაც წაგებული ომის ინიციატორებს შორის საკუთარ თავზე არავის აუღია ათასობით ადამიანზე პასუხისმგებლობა.

ეს ჩემი პირადი მიდგომაა პრობლემის მიმართ. საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი აფხაზურ პუბლიცისტიკასა და მეცნიერებაში, როგორც წესი, სხვა კუთხიდან განიხილება. ავტორთა უმრავლესობა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობას უკანონოდ მიიჩნევს. ასეთი ინტერპრეტაციის შესაბამისად, სახელმწიფო საბჭოს ჯარების შესვლა მეზობელი სახელმწიფოს მიერ ოკუპაციაა.

თუმცა გასაგებია, რომ მსგავს ინტერპრეტაციას ქართული მხარე ვერ დაეთანხმება. არსებითად, სწორედ ფორმატი “საქართველოს სახელმწიფო – აფხაზი ეთნოსი” საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოიყენება გამოყოფილი რეგიონის მიმართ პოლიტიკის ჩამოყალიბების დროს. აფხაზური ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებით, საქართველოს ხელისუფლება მაინც პირდაპირ მიმართავს აფხაზებს, ანუ, ეთნოსს. სწორედ აფხაზური ენა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ენას. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აფხაზებს საქართველოს კლინიკებში სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობს.

ცოტა ხნის წინ “ეხო კავკაზას” ვებგვერდზე ქართველი ავტორის [წარმოშობით აფხაზეთიდან] თენგიზ აბლოთიას ბლოგი გამოქვეყნდა, სახელწოდებით “პოლიტიკური ჯანდაცვა”. სტატიის არსი ის არის, რომ აფხაზების მკურნალობა ფუჭი საქმეა, ისინი ამ მკურნალობას ერთგვარ  კომპენსაციად განიხილავენ ომის გამო და საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით იოტისოდენადაც არ აპირებენ საკუთარი პოზიციების დათმობას. სტატიის ავტორის აზრით, ამიტომაც არ არის საჭირო ფულის ხარჯვა, უკეთესია სეპარატისტების მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკა აწარმოონ. სტატიამ აფხაზურ აუდიტორიაში… დადებითი გამოხმაურება გამოიწვია [რაც არც ისე იშვიათია ხოლმე ამ ქართველი ავტორის შემთხვევაში]. ისინი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “მტერთან მკურნალობას”, თენგიზ აბლოთიას სრულიად დაეთანხმნენ..

რასაკვირველია, ბლოგერს ბევრმა ქართველმა მკითხველმაც დაუჭირა მხარი. ისინი ძირითადად აფხაზების მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარების მხარდამჭერი არიან. ანუ ისინი, ვისაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ეთნოსებს შორის დაპირისპირების მონაწილეებს ვუწოდებ.

საქართველოს პოლიტიკის მიმართ აფხაზების შიში სრულიად გამართლებულია. საქართველო, რომელიც ცივილიზებულად და პროგრამულად, მეთოდურად მოქმედებს, ქმნის ახალ სახეს, რომელიც მტრის ხატში ცუდად ჯდება და სეცესიის იდეოლოგიისთვის საშიშია. განსაკუთრებით, როდესაც საკუთარი დამოუკიდებლობის პროექტი ნაკერებზე ირღვევა “სტრატეგიული პარტნიორის” იერიშის გამო.

ქართულ კლინიკებში აფხაზების მკურნალობა კონფლიქტის გადაჭრის მიმართ უდავოდ სახელმწიფოებრივი მიდგომაა. არ ვიკამათებ თენგიზ აბლოთიასთან “საქართველოს წიაღში აფხაზების დაბრუნების” საქმეში ამ მეთოდის წარმატებასთან დაკავშირებით, თუმცა საქმე არა პროცენტებში, არამედ პრინციპშია. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა “საკუთარი მოქალაქეების” მიმართ შეიძლება არ მოსწონდეთ აფხაზებს, რომლებიც თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ, მაგრამ ეს პოლიტიკაა და არა ემოციები, სიძულვილი და ომის ლოგიკა.

თენგიზ აბლოთიას სტატია აფხაზებში იმიტომაც არის პოპულარული, რომ ის სეპარატისტების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არც კი მალავს. აფხაზური დამოუკიდებლობის მხარდამჭერები კი აცხადებენ: აი, საქართველოს ნამდვილი სახე, ქვეყნის, რომელიც მხოლოდ რევანშს ელოდება, და სანამ არ შეუძლია აფხაზეთის ხელში ჩაგდება, თვალთმაქცობს და სიფხიზლეს გვართმევს.

რეალობა ყოველთვის გაცილებით რთულია. “ ყველა აფხაზი”, “ყველა ქართველი” – რეალურად არ არსებობს. ბევრი, ვინც საკუთარი ახლობელი საქართველოში სამკურნალოდ წაიყვანა, ექიმების მადლიერი იქნება. საქართველოში ბევრი მაცხოვრებელი სრულიად გულწრფელად ეხმარება აფხაზებს და არ თვალთმაქცობს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენვე გვცვლის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოდესღაც სხვა იმპულსები გვამოძრავებდა.

კონფლიქტის ცივილიზებული გზით დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერმა წევრმა თავი მიიჩნიოს არა ერთი რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლად ეთნოსებს შორის კონფლიქტის პირობებში, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენლად – ინსტიტუტის, რომელსაც აქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. როდესაც საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ძალადობრივად გადაჭრაზე უარს აცხადებს, გინდა გჯეროდეს, რომ ეს განცხადებები გულწრფელია, რომ ისინი იმ ელიტის წარმომადგენელნი არიან, ვისაც პოლიტიკურ კულტურაზე განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც აფხაზეთში ომი გააჩაღა.

როგორც არ უნდა გადაიჭრას ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, აფხაზებს ურჩევნიათ ის ქართულ სახელმწიფოსთან გადაჭრან და არა ქართველებთან ეთნიკური კონფლიქტის ფარგლებში.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დემის პოლანდოვი არის რადიო "თავისუფლების" პროექტ "ეხო კავკაზას" მთავარი რედაქტორი. ნეტგაზეთისთვის ის რეგულარულად წერს სტატიებს აფხაზეთზე