ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კატალონია vs აფხაზეთი: მაძღარი მშიერს ვერ გაუგებს

25 სექტემბერი, 2017 • 6137
კატალონია vs აფხაზეთი: მაძღარი მშიერს ვერ გაუგებს

აფხაზურ პუბლიცისტიკაში მიღებული პრაქტიკაა, რომ მსოფლიოში სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლენა ერის თვითგამორკვევის ფუნდამენტურ უფლებამდე დაიყვანონ.

ბუნებრივია, ნებისმიერ ან თითქმის ნებისმიერ მსგავს კონფლიქტში აფხაზი ავტორი იმ მხარის მიმართ არის სიმპათიით განწყობილი, რომელიც განცალკევებას ცდილობს. თუმცა საუბარი უკრაინაზე, რომელიც “მოძმე” რუსეთისგან გამოყოფას ცდილობს, ან ყირიმელ თათრებზე, რომლებიც 21-ე საუკუნეში თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ ერთი სახელმწიფოდან მეორეში უცერემონიოდ მიაგდეს, აფხაზ თანამესაუბრეს, თუკი მას ლოგიკასთან პრობლება არ აქვს, უბრალოდ, ანცვიფრებს.

შოტლანდიაში რეფერენდუმის დროს აფხაზურ სოციალურ ქსელებში მომხმარებლები შოტლანდიელების დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს და უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩნენ, როდესაც აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში სეპარატიზმის მომხრეები ბევრად მეტი აღმოჩნდნენ [პროცენტული მაჩვენებლით, რა თქმა უნდა], ვიდრე თავად შოტლანდიაში რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა. კატალონიის შემთხვევაში, შოტლანდიის მწარე გამოცდილების შემდეგ, აფხაზები უფრო მშვიდად იქცევიან, თუმცა მათი სიმპათიები, რასაკვირველია, კატალონიელი სეპარატისტების მხარეს იხრება.

გამოყოფის მომხრეთა გულშემატკივრობაში ორი ასპექტი იკვეთება: ერთი – იურიდიული. ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთი ერის თვითგამორკვევის უფლების აღიარების ნებისმიერ საერთაშორისო ფაქტს ჩაეჭიდება. რეალურად, მსგავსი ფაქტები ხომ არც ისე ბევრია. ამ კუთხით კოსოვოს შემთხვევაც, რომელიც დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ აღიარა, აფხაზეთისთვის მნიშვნელოვან პრეცედენტად განიხილება, თუმცა “სტრატეგიული პარტნიორი” რუსეთი ამ კონფლიქტში სერბეთის მხარეს იჭერს. საქართველოც [როგორც ესპანეთი], ამავე პრინციპული მოსაზრებით, კოსოვოს აღიარებას ასევე არ აპირებს და, ფაქტობრივად, რუსეთთან ერთად იმ ერთ ბანაკშია, რომელიც სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას იცავს.

მეორე ასპექტს ისტორიული შეგვიძლია ვუწოდოთ. ისტორიულ და თანამედროვე სეპარატიზმის მაგალითებზე აპელირებით, აფხაზეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბევრ შემთხვევაში აფხაზურ მხარეს საქართველოსგან გამოყოფის მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე იმავე შოტლანდიელებს დიდი ბრიტანეთიდან, კატალონიელებს ანდა ბასკებს – ესპანეთიდან.

ნებისმიერს, ვინც ნამყოფია კატალონიაში, არ გამორჩებოდა ამ რეგიონის ოფიციალური ორენოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანური და კატალონიური ენები ძალიან ახლოა ერთმანეთთან [ერთ ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან], ნებისმიერი წარწერა ორ ენაზეა. ასე იყო 15 წლის წინაც, როდესაც პირველად ვეწვიე ამ რეგიონს: რთული მისახვედრი იყო, მაგალითად, მატარებლით გამგზავრებისას რა საჭიროა პრაქტიკულად იდენტური ფრაზების გამეორება, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე სხვანაირიად წარმოთქმული ბგერით განსხვავდება.

მთელი კატალონია კატალონიური დროშებითაა მორთული, ქალაქებსა და სოფლებში კატალონიურად საუბრობენ [განსაკუთრებით, ბარსელონის მიღმა], ოფიციალური პირების გამოსვლა კატალანურ ენაზეა, სკოლებში კატალანურ ენას სწავლობენ, ტელევიზიებიც ამავე ენაზეა.

თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ფრანკოს დროს კატალონიურის გამოყენება აკრძალული იყო. სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლინება, ეროვნული თვითშეგნებაც რეპრესიული რეჟიმით იდევნებოდა. ფრანკოს დროს ძლიერი ემიგრაციული ტალღაც იყო, რომლის შედეგად კატალონიელები [და ბასკები] საკუთარ რეგიონებში უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. ესპანეთმა ეროვნული უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად შეცვალა, ბასკების სეპარატიზმის ჩაცხრომაც კი შეძლო. ერის, რომელიც არამშობლიურ ესპანურ ენაზე საუბრობდა და რომლიდანაც მსოფლიოში ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია “ეტა” ჩამოყალიბდა. ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად ესპანეთი უპრეცედენტო დათმობაზე წავიდა და დღეს არსებობს ქვეყანა ქვეყანაში – ბასკების ქვეყანა.

დამოუკიდებელ საქართველოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილება აფხაზებს არ ჰქონიათ. 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ქართული ეროვნული პროექტი აფხაზებისთვის რაიმე რეალურ ავტონომიას არ ითვალისწინებდა. ქართველი ნაციონალისტები ანტიაფხაზური ლოზუნგების გამართლებას ხშირად იმით ცდილობენ, რომ თავად აფხაზებს “არ უყვარდათ ქართველები”. უნდა ჰყვარებოდათ?

ამ ხალხმა რუსულ-კავკასიური ომის შემდეგ, როდესაც საკუთარი მიწიდან განდევნეს, მასობრივი დეპორტაცია გამოიარა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აფხაზები რუსულ იმპერიაში დამნაშავე მოსახლეობად იყვნენ მიჩნეული, მათ ეკრძალებოდათ შუა აფხაზეთში დასახლება და ა.შ.  ისინი კი, ვინც დატოვეს, ორ ნაწილად დაყვეს. ჯერ კიდევ მეფის დროს დაიწყო კავკასიის აქტიური კოლონიზაცია. თუმცა, თუ ჩრდილოეთ კავკასია რუსებით, უკრაინელებით, ბერძნებით, სომხებით დაასახლეს, აფხაზეთში იმპერიული კოლონისტების მოწინავე რიგებში სწორედ ეთნიკური ქართველები აღმოჩნდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აფხაზეთში ომს აწარმოებდა, რომელსაც იქ აღიქვამდნენ არა როგორც ომს წითლებსა და თეთრებს შორის, არამედ ქართველების ომს აფხაზებთან.

სტალინის პერიოდი “ქართველიზაციის” პიკი იყო: აფხაზეთის სსრ, ავტონომიის უფლებით, საქართველოს სსრ-ში შეიყვანეს, აფხაზპერესელენსტოის ათობით ათასი ქართველი გადაჰყავდა, აფხაზურმა ინტელიგენციამ რეპრესიების ქარცეცხლი გამოიარა. ამ პროცესების დასრულებისას კი ლიტერატურათმცოდნე ინგოროყვამ ქართველი ნაციონალისტების საყვარელი ანტისამეცნიერო თეორია გამოიგონა “აფსუების” შესახებ,  რომლებიც ჩრდილოთ კავკასიიდან მე-17 საუკუნეში ჩამოვიდნენ და ეთნონიმი “აფხაზები” მიიკუთვნეს.

1992 წელს აფხაზები დარმწუნებული იყვნენ, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს მთავარი მიზანი აფხაზების განდევნაა. ქართული მიტინგები ომამდელ სოხუმში სწორედ ამ ლოზუნგებით მიმდინარეობდა. სწორედ აქედან დაიწყო ქართულ-აფხაზური ომი. დღეს, როგორც ჩანს, უკვე იმის შეხსენება გახდა საჭირო, რომ 25 წლის წინ აფხაზეთიდან დევნილებს ქართველებს კი არა, აფხაზებს ეძახდნენ, რომლებიც ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მორბოდნენ.

აფხაზები – ნაციონალისტები? დიახ, რა თქმა უნდა. აბა, ვინ არ იქნებოდა ასეთი მსგავს პირობებში?! ყველა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ნაციონალისტური იყო. არ არიან ერები, რომელთაც საკუთარ მიწაზე სხვების დასახლება უხაროდათ.

ჩადიოდნენ დანაშაულს აფხაზები ომამდე? დიახ, ამას აკეთებდნენ. ასეთია ზოგადად ომები და განსაკუთრებით, ომები, რომლებშიც მოქალაქეები მონაწილეობენ. ამას არ აქვს გამართლება, მხოლოდ რეალობის კონსტანტაციაა. ბევრმა უდანაშაულო ადამიანმა დაკარგა საკუთარი სახლი და დევნილი გახდა. ისინი უპირობოდ არიან ამ ომის მსხვერპლი. მაგრამ ომი საქართველოს სახელმწიფო საბჭომ დაიწყო. ამასთან, ჯაბა იოსელიანი პანთეონში განისვენებს, ედუარდ შევარდნაძემ სიცოცხლის ბოლომდე თბილისში მშვიდობით იცხოვრა, ქართველი პრემიერი კი დღეს ინგოროყვას შვიდი ნომრიდან აფხაზებს მიმართვებს უგზავნის…

დღეს საქართველო აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტის დარეგულირების მხოლოდ მშვიდობიან გზას დეკლარირებს, აფხაზური ენა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად არის აღიარებული. თუმცა აფხაზეთში ამ დეკლარაციებისა არ სჯერათ და იმ თავაზიანობად განიხილავენ, რომელსაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისთვის აკეთებს. რეალურად კი, ელოდება, როდის დასუსტდება რუსეთი, რომ საკითხი ძალის გამოყენებით გადაჭრას. მსგავსი დასკვნის საფუძველი არც ისე ცოტაა – მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომი. ქართველი ანალიტიკოსებიც არ მალავენ, რომ მსგავსი განწყობები ელიტაშიც და საზოგადოებაშიც არსებობს.

აი, ასეთი გამოცდილების მქონე აფხაზები უყურებენ უდარდელ კატალონიელებსა და შოტლანდიელებს, რომლებიც იმას ფიქრობენ, რამდენ ფულს მოიგებენ ან წააგებენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში. აფხაზებისთვის კი საქართველოსგან დამოუკიდებლობის საკითხი არა ფულის, არამედ გადარჩენის საკითხად რჩება. ამ კუთხით მათთვის რუსეთისგან დამოუკიდებლობაც კი ნაკლებ ბოროტებად განიხილება.

გასაგებია, რომ ასეთი მცირე ერისთვის ნამდვილი დამოუკიდებლობა მხოლოდ ოცნებაა. მილიონობით კატალონიელს ბევრად მეტი შანსი აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად. რა თქმა უნდა, ევროპაში არის პატარა ქვეყნები, აფხაზეთზე პატარაც, თუმცა მათ არც საქართველო ჰყავთ მეზობლად  და არც რუსეთი.

თუკი საქართველო იმდენად [როგორც ესპანეთი] შეიცვლება, რომ აფხაზებისთვის ერთობლივი თანაცხოვრების პროექტის გულწრფელად შეთავაზებას შეძლებს, რომელიც დააკმაყოფილებდა აფხაზურ მხარეს [რაც უკვე წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც], დღევანდელი რუსეთი ამის რეალიზებას არ დაუშვებს. ვშიშობ, აფხაზეთი საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარებასაც ვერ გამოიყენებდა. თუმცა ეს უკვე სულ სხვა და საკმაოდ მტკივნეული თემაა.
ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი