ახალი ამბები

ხოშტარია: მთავრობა თაბორის მთაზე ივანიშვილისთვის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

9 ოქტომბერი, 2017 • 2563
ხოშტარია: მთავრობა თაბორის მთაზე ივანიშვილისთვის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ბიძინა ივანიშვილისთვის თაბორის მთაზე ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

“ჩვენ ხელთ გვაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თაბორის მთის, ივანიშვილის ეზოს, მოვლისთვის და პრივილეგიებისთვის იგეგმება ელექტროსადგურის დადგმა თაბორის მთაზე. ამისთვის იხარჯება ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული მილიონ შვიდასი ათასი კორუფციულად, პირდაპირი ხელშეკრულებით და არა ტენდერით, ჩქარ-ჩქარა. მათ ამოგვიღეს ჯიბიდან მილიონ შვიდასი ათასი იმისთვის, რომ მოუწყონ ბიძინა ივანიშვილს ეზო, გააშენოს აქ სასტუმრო. გარდა ამისა, თუ ყველა სხვა შემთხვევაში კერძო სასტუმროები იხდიან დენის ტარიფს, ბიძინა ივანიშვილს თელასის გვერდის ავლით აძლევენ პრივილეგირებულ ფასად დენს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მერობის კანდიდატის თქმით, კახა კალაძე, რომელიც მოსახლეობას სთავაზობდა დენის გაიაფებას, სინამდვილეში მოსახლეობას გაუძვირა დენი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს გაუიაფა.

“ელექტროსადგურის აშენებას მოჰყვება უამრავი ხის მოჭრა. როდესაც ჩვენ გვესაუბრება კალაძე, რომ თურმე ჰაერის პრობლემაა ქალაქში და მწვანეზე ზრუნავს, რეალურად ისინი ჩეხავენ ხეებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწყონ კომფორტი. ეს ყველაფერი გაფორმდება ისევ ბიძინა ივანიშვილის დამონებულ სახელმწიფო ინსტიტუტებში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ხვალ საკრებულოს სხდომაზე აპირებს დასწრებას ევროპული საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ერთად. ხოშტარიას თქმით, საკრებულო წერილობით გააცნეს პარლამენტის რეგლამენტის პუნქტები, რომლითაც პარლამენტის დეპუტატებს აქვთ უფლება, დაესწრონ საკრებულოს სხდომას სათათბირო უფლებით.

ხვალ, დაგეგმილია საკრებულოს სხდომა, სადაც უნდა განიხილონ ივანიშვილთან დაკავშირებული ორი საკითხი, რომელიც კერძო ინვესტორისთვის მუნიციპალური საკუთრების გადაცემას ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი