ტარას (ტატო) შავშიშვილი 25.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შავშიშვილი: თეთრუაშვილმა უთხრა პატრიარქს, რომ დეკანოზის ციხიდან გამოშვება არ შეიძლებოდა

ტარას (ტატო) შავშიშვილი – თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების პროფესიული “სინდიკატის” ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბოლო პერიოდში საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა უთხრა ილია მეორეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლების პირობებში მოკლავდნენ.

“მამა გიორგი რომ დააკავეს და უწმინდესი რომ ჩამობრძანდა, უწმინდესიც და სხვებიც საუბრობენ, რომ მამა გიორგი არ უნდა ყოფილიყო ციხეში, ის გამოეშვათ, გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი ყოფილიყო მონასტერში ან სადმე. უწმინდესი ამის მომხრე იყო, მე ვარ მომსწრე იმისა, შორენა თეთრუაშვილმა როგორ უთხრა – არა, თქვენო უწმინდესობავ, არ შეიძლება მისი გამოშვება იმიტომ, რომ მას მოკლავენ. მე შევეწინააღმდეგე – შორენა, რატომ მოკლავენ, იმიტომ, რომ შენ გკლავდა ჰიპოთეტურად? ამაზე პასუხი არ ჰქონდა”,- განაცხადა ტარას შავშიშვილმა “ნანუკას შოუში” სტუმრობისას.

ტარას შავშიშვილს ასევე არ უარყვია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ილია მეორემ მისი დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილს უთხრა, ქვეყნიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამეს დამართებდნენ:

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com