ახალი ამბები

ინტერესთა კონფლიქტი საარჩევნო ოლქებში და სხვა დარღვევები – ISFED-ის II შუალედური ანგარიში

29 სექტემბერი, 2017 • 1455
ინტერესთა კონფლიქტი საარჩევნო ოლქებში და სხვა დარღვევები – ISFED-ის II შუალედური ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. საკვლევი პერიოდი 5-დან 25 სექტემბერს მოიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2, წინასარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების  3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა. თუმცა, განსაკუთრებული ტენდენციის სახით, ISFED-ის შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოიკვეთა – საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ 13 ასეთი შემთხვევა გამოიკვლია.

ორგანიზაციის განცხადებით, რამდენიმე ოლქში კომისიის წევრთა ოჯახის წევრები არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობენ. მაგალითად, ISFED-ის თქმით, აღსანიშნავია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მეუღლე, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია იმავე ოლქში. “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია ხობის #56-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მეუღლეც.

“ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრების გარდა, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც. ინტერესთა კონფლიქტის მსგავსმა ფაქტებმა შესაძლოა შეარყიოს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი და შეუქმნას საფრთხე საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას” – აცხადებენ ISFED-ში.

ISFED-მა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები სულ 8 ოლქში გამოავლინა. მათ შორის არიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები.

გარდა ამისა,  გამოვლინდა საარჩევნო სუბიექტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები. ISFED მიიჩნევს, რომ მათგან აღსანიშნავია თბილისში მერობის გამოუკიდებელი კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილისთვის ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი – გამგებლის მოადგილე და “ქართული ოცნების” შტაბის თანამშრომლები ღებულობდნენ მონაწილეობას.

ამასთანავე, ISFED-მა გასული კვირის განმავლობაში ანგარიშში ასახა ორ სხვადასხვა ოლქში უცნობი პირების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დარბევის ფაქტებიც. კერძოდ, 22 სექტემბერს- გარდაბანში, 23 სექტემბერს  კი ოზურგეთში საარჩევნო კომისიის შენობა უცნობმა პირებმა დაარბიეს.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გმაოყენებას, ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ძირითადად მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხდებოდა. ორგანიზაციაში ადმინისტრაციული რესურსისა და აგიტაციის წესების დარღვევის რისკებს ხედავენ 29 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩშიც, რომელში მონაწილეობასაც კახა კალაძე გეგმავს.

ISFED-ის მეორე შუალედურ ანგარიში სრულად:

2017 ადგილობრივი არჩევნები – II შუალედური ანგარიში by ISFED on Scribd

მასალების გადაბეჭდვის წესი