ახალი ამბები

“ჰაერში ტყვიაა” – წარწერა განახლებული პეკინის ქუჩის ველობილიკზე

26 სექტემბერი, 2017 • 15385
“ჰაერში ტყვიაა” – წარწერა განახლებული პეკინის ქუჩის ველობილიკზე

“ჰაერში ტყვიაა” – ეს წარწერა პეკინის ქუჩაზე მოწყობილ ველობილიკზე გამოჩნდა. ის არტისტების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია.

როგორც მარიამ ნატროშვილმა განგვიმარტა, ეს არის “საგზაო ნიშანი, რომელიც მერიას გამორჩა” და ეს სიტყვები ორი ნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ.

“სიტყვების თამაშია. “ჰაერში ტყვიაა” – ეს ნიშნავს იმას, რომ ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული ტყვიით და სხვა მძიმე მეტალებით. თუმცა, “ჰაერში ტყვიაა” – შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რომ ეს ტყვია ბრმა ტყვიაა, საფრთხესა და საშიშროებაზეც მიგვანიშნებს… ეს ერთგვარი საგზაო ნიშანია, რომელიც მერიას გამორჩა, რომ გაეკეთებინა, როდესაც ამ წინასარჩევნოდ პეკინს არემონტებდნენ. ცინიკურია, როცა ჰაერი ასე არის დაბუნძურებული და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ტყვიამფრქვეველი, ველობილიკის მოწყობა ასეთ დაბინძურებულ გარემოში. ეს არის საგზაო ნიშნები, რომელიც გამორჩათ,”- გვეუბნება მარიამ ნატროშვილი.

მარიამ ნატროშვილის თქმით, ამ წარწერის კეთებისას, 26 სექტემერს, გამთენიისას, მათთვის ხელი არავის შეუშლია.

კითხვაზე, მისი აზრით, რამდენ ხანს “გაძლებს” ეს ნამუშევარი და რამდენ ადამიანს მიაწვდენენ ხმას, გვპასუხობს, რომ მის გასავრცელებლად სოციალურ ქსელს და მედიას გამოიყენებენ:

“როდესაც ქუჩაში რაღაცას აკეთებ, იმისთვისაც მხად ხარ, რომ ძალიან მალე გაქრება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დოკუმენტაცია. რეაქცია და გავრცელება უკვე უფრო სოციალური ქსელების, მედიის საშუალებით ხდება,”- ამბობს მარიამ ნატროშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი