ახალი ამბებისაზოგადოება

პეკინის გამზირი მანქანებისთვის ცალმხრივი, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის კი ორმხრივი იქნება

12 სექტემბერი, 2017 • 5507
პეკინის გამზირი მანქანებისთვის ცალმხრივი, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის კი ორმხრივი იქნება

პეკინის გამზირზე ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც კუბლაშვილი ამბობს, 18 სექტემბრისთვის გამზირზე გზების დახაზვის პროცესი დასრულდება, თვის ბოლოსთვის კი, ტროტუარების კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები.

როგორც კუბლაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ავტომობილებისთვის პეკინის გამზირი ცალმხრივი გახდება. ორმხრივად გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტისთვის, რისთვისაც სპეციალური ბასლაინები დაიხაზება. გამზირზე მოეწყობა ორმხრივი ველობილიკები. გარემო ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვისაც:

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ 8 სექტემბერს უკვე დასრულდა საგზაო ნაწილი და გაიხსნა მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ამ სამი თვის განმავლობაში. ახლა უკვე დასრულებისკენ მიდის ტროტუარები და მისი კეთილმოწყობა. ასევე მოეწყობა ორმხრივი ველობილიკი, შშმ პირების პანდუსები და ამის შემდგომ უკვე გააგრძელებს თავის სამუშოებს სხვა საქალაქო სამსახურები. ესაა ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და ასევე გამწვანების სამსახური”  – ამბობს კუბლაშვილი.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, ეს გადაწყვეტილება მერიაში დაკვირვებისა და მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს

“ჩვენ ამ სამთვიანი პერიოდის განმავლობაში ძალიან ინტენსიური დაკვირვება  გვქონდა, გამოკითხვაც ჩავატარეთ და ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩეს ცალმხრივი მოძრაობა, პეკინის მიმართულებით მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება ორმხრივი. ეს ეხება ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს. მოეწყობა სპეციალური გამყოფი ზოლი, ბასლაინი, რომელზეც მუნიციპალური ტრანსპორტი საპირისპირო მიმართულებით შეძლებს მოძრაობას. ეს ჯერჯერობით იქნება ტესტრეჟიმში და იმედი არის, რომ ეს ყველაფერი გაამართლებს და ამის შემდგომ დავტოვებთ საბოლოოდ” – ამბობს კუბლაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი