ახალი ამბები

პეკინის გამზირის რეაბილიტაცია შესაძლოა სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდეს

1 სექტემბერი, 2017 • 3452
პეკინის გამზირის რეაბილიტაცია შესაძლოა სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდეს

მერიის გათვლით, პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა ჯერ არ შეურჩევიათ კომპანია, რომელიც ტროტუარებს, ეზოში შესასვლელებსა და ველობილიკებს მოაწყობს.

მერიის გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეც გააგრძელოს, ხოლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ხუთ დღეში.

პეკინის გამზირი

პეკინის გამზირი

სატენდერო პირობების მიხედვით, ამ პერიოდში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოხსნას ასფალტის დაზიანებული საფარი, გაიტანოს ნაგავსაყრელზე, არსებული საკომუნიკაციო ჭები მიიყვანოს გზის ნიშნულზე, ტროტუარი დაამუშაოს და დაფაროს ასფალტით, შემდეგ კი უნდა მოაწყოს ველობილიკები.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე არ გაგრძელდება. მისი თქმით, ტროტუარის სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება, ხოლო საავტომობილო გზის კეთილმოწყობა – 10 სექტემბრამდე.

კითხვაზე, თუ რატომაა მითითებული სატენდერო ხელშეკრულების ნიმუშში ერთი თვის ვადა, კუბლაშვილი პასუხობს, რომ ეს ზოგადი ვადაა და სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადას კომპანიასთან წერლობითი დავალების მიცემის შემდეგ დათქვამს.

ტენდერის მიხედვით 388 574 ლარია გამოყოფილი ამ სამუშაოების შესასრულებლად. ტენდერში მარტო ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს, ესაა კომპანია “ბლექ სი გრუპი”, რომლის მფლობელები გიორგი კალანდაძე და ამირან მამუჭაძე არიან. გიორგი კალანდაძე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. ოდიშარია შპს “ძველი დედაქალაქის” 10%-იან წილს ფლობს, ხოლო კალანდაძე – 90%-ს.

პეკინის გამზირი

პეკინის გამზირი

კომპანია “ბლექ სი გრუპმა” 386 000 ლარი შესთავაზა აღნიშნული სამუშაოების ფასად, რაც 2 574 ლარით ნაკლებია მერიის მიერ გათვალისწინებულ თანხაზე.

სატენდერო კომისიამ დაავალა კომპანიას, რომ წარადგინოს დასახელებული ფასის ამსახველი ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები სამი სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა 4 სექტემბერს იწურება. კომპანიამ რომ სრულყოფილად წარადგინოს დოკუმენტები და 4 სექტემბერსვე გაფორმდეს ხელშეკრულება, მას ერთი კვირა ექნება ამ სამუშაოების შესასრულებლად.

პეკინის გამზირი

პეკინის გამზირი

პეკინის გამზირზე ასფალტის საფარი უკვე დაგებულია და ავტომობილები მოძრაობენ ცალმხრივად. დარჩენილია ტროტუარები და ეზოში შესასვლელების კეთილმოწყობა.

მერიის გადაწყვეტილებით, გზის ერთ მხარეს გაფართოვდა ტროტუარის ფართობი, სადაც მოეწყობა ველობილიკი.

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო. მერიის დაპირებით, ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები.

პეკინის გამზირი

მასალების გადაბეჭდვის წესი