ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

სამადაშვილი ჯანელიძეს: ახალგაზრდამ, რომელსაც 90-იანი წლები უნდა ახსოვდეს, რუსეთში ისწავლეთ

“მე მესმის, რომ რუსეთი თქვენთვის მტრული სახელმწიფო არ არის. ახალგაზრდა ადამიანმა, რომელსაც 90-იანი წლები უნდა ახსოვდეს, რუსეთში ისწავლეთ”, – ასე მიმართა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა (ენმ) საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2002 წელს მიხეილ ჯანელიძემ წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2003-2006 წლებში სწავლა გააგრძელა საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სამართლის სპეციალობით დიპლომატიურ აკადემიაში, რუსეთის ფედერაციაში. სწორედ ამ ფაქტზე აკეთებს აქცენტს სამადაშვილი.

ოპოზიციონერ დეპუტატს უპასუხა მმართველი პარტიიდან დეპუტატმა სოფიო კილაძემ. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრობს ის პარტია, რომლის დროსაც დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე იყო. სამადაშვილმა თქვა, რომ არსებობს სხვაობა ჯანელიძისა და ვაშაძის ასაკში და ეს უკანასკნელი სხვაგან ვერ მიიღებდა განათლებას.

ამ საკითხზე დეპუტატებმა პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკამათეს, სადაც სამადაშვილი ჯანელიძეს სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა. სამადაშვილის თქმით, მინისტრმა მის წერილობით სადეპუტატო კითხვას არ უპასუხა.

“მომავალში ჩვენ უკვე სასამართლოს მივმართავთ, როდესაც მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას, რომელიც მან ჩემგან მიიღო და დღემდე პასუხგაუცმელია. თქვენ არ გესმით საკუთარი ვალდებულებები”.

“ჩემი შეკითხვა შეეხება შემდგომს: აგვისტოში, როდესაც ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ბორჯომში ხანძარი იყო, თქვენი მთავრობის წარმომადგენლებმა ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ინფორმაცია მოგვაწოდეს იმის თაობაზე, მიმართა თუ არა საქართველომ რუსეთს დახმარებისთვის. მე მესმის, რომ რუსეთი თქვენთვის მტრული სახელმწიფო არ არის. ახალგაზრდა ადამიანმა, რომელსაც 90-იანი წლები უნდა ახსოვდეს, რუსეთში ისწავლეთ. თქვენი ხელისფულების კავშირები რუსეთთან, მათ შორის ბიზნესის სფეროში, გასაგებია, მათ შორის- ეკონომიკის მინისტრის. ეს სახელმწიფო არის ოკპუნატი. არ თვლით, რომ როდესაც ჩვენი ქვეყანა დახამრებას სთხოვს ოკუპანტს, ამით სისუსტეს ავლენს?”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com