მიხეილ ჯანელიძის ანგარიში პარლამენტში, 25.09.2017. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

რა შეიცვალა დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკაში – მინისტრის ანგარიში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წინაშე ბოლო 9 თვის განმალობაში დიასპორის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც გაუქმდა დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კურირებს დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებს.

მინისტრის განცხადებით, პირველად შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია – „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“.

“სტრატეგია მოიცავს სახელმწიფოს ხედვებსა და ამოცანებს დიასპორასთან მიმართებაში. მასში ასევე გაწერილია სტრატეგიის შესრულების სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროექტები. სტრატეგიის განხილვა წარიმართა დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით და მასში გათვალისწინებულია როგორც პარლამენტის, ასევე დიასპორული ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები. სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ დაიწყება კონკრეტული პროექტების განხორციელება”, – აცხადებს მინისტრი.

მისივე ცნობით, მოხდა დიასპორის პრობლემატიკის შესწავლა და ექსპერტიზა.

“იმისათვის, რომ დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფოს მიზნები ყოფილიყო რეალისტურად ამბიციური და მასში მაქსიმალურად ასახულიყო დიასპორის საჭიროებები, საქართველოს პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის რეკომენდაციით მოხდა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საჭიროებების შესწავლა. პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირების შემდგომ აქტიურად მიმდინარეობს მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა.

მაგალითად, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით დაიწყო საბერძნეთის რესპუბლიკის სკოლებში ქართული ენის შემსწავლელი საპილოტე პროგრამის განხორციელება, საბერძნეთის მხარესთან დაიწყო კონსულტაციები საბერძნეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შესახებ; ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან, შესაბამისი მუშაობის შედეგად, 2017 წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გამოიცა განკარგულება ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოლქში შესულ გუბერნიებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – აცხადენს მინისტრი.

მისივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბურად აღინიშნა დიასპორის დღე და გაიმართა დიასპორის ფორუმი.

“2017 წლის 27-28 მაისს დიასპორის დღის ფარგლებში გაიმართა მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის- დიასპორის ფორუმი. მასში მონაწილეობა მიიღო 30 ქვეყნიდან მოწვეულმა 100-ზე მეტმა თანამემამულემ. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება დაეთმო დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებს და მათი საჭიროებების განსაზღვრას. პირველად მოხდა თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა, სადაც მსჯელობა წარიმართა და კონკრეტული ხედვები დაიდო შემდეგი მიმართულებით: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია; დიასპორა და ეკონომიკა; თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების საკითხებში; ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა.

სამუშაო ჯგუფების ფარგლებში გამოკვეთილი რეკომენდაციები აისახა იმ ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებში, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.
დიასპორის დღის ღონისძიებების ფარგლებში აგრეთვე მოეწყო სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ღონისძიებები: ფორუმის მონაწილეებმა დაბა კოჯორში გვირგვინებით შეამკეს იუნკერთა მემორიალი; 28 მაისს ქ. თბილისში მარცხენა სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთს მიენიჭა ლევილის სანაპიროს სახელი. ამავე დღეს დიასპორის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს”, – აცხადებს ჯანელიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში“.

“დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების, მოზარდების აქტიურ და მჭიდრო კავშირებს სამშობლოსთან. ამ მიზნით სახელმწიფო სტრატეგიაში გაწერილია არაერთი პროგრამა. მაგალითად, ახალგაზრდა ელჩები, დიასპორული სტაჟირება, მომავლის ბანაკი და ა.შ. (იხილეთ დანართი). ამას გარდა საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საკვირაო სკოლების და დიასპორული ანსამბლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მოხდა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის კატალოგიზაცია და 50-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ საკვირაო სკოლისა თუ ანსამბლისთვის შეძენილი იქნება ინვენტარი თუ სახელმძღვანელო”, – აცხადებს მინისტრი,

სამინისტროს ცნობით, შემუშავდა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზა და მიმდინარეობს მუშაობა მულტიფუნქციურ ვებ-პორტალზე.

სამინისტროს ცნობით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრისა და თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გრძელდება თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის ფუნქციონირება – გაიმართა კომისიის 11 სხდომა, თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა 80 პირს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com