ახალი ამბები

დიასპორამ მაქსიმალურად უკვე დღეიდან უნდა დაიწყოთ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად – ზურაბიშვილი

16 მარტი, 2024 • 1274
დიასპორამ მაქსიმალურად უკვე დღეიდან უნდა დაიწყოთ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად – ზურაბიშვილი

დღეს, 16 მარტს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორასთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გამართა.

ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა, რომ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გასახსნელად მაქსიმალურად იმუშაონ.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დიდი ხანია დიასპორიდან არჩევნებისადმი ასეთი ინტერესი არ ყოფილა.

„დიასპორაში დღეს დაახლოებით, ჩვენი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. აქამდე, არჩევნებში მონაწილეობას ამ მილიონიდან დაახლოებით, 17 000 იღებდა, ეს აბსურდია. ეს ნიშნავს იმას, რომ დიასპორა არ იყო ჩართული და ამ მიმართულებით – არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არ იყო საჭირო ძალისხმევა განხორციელებული.

ეს ძალისხმევა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ, ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება – პრეზიდენტის ინსტიტუტი, ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქედან ვიყოთ ჩართული, რათა მაქსიმალურად გაგიადვილოთ ეს პროცესი; მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მზადყოფნა და მობილიზება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარეგისტრირდეთ, მაქსიმალურად ჩაეწეროთ საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად უკვე დღეიდან დაიწყოთ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად.

არ დაგიმალავთ, რომ ეს ალბათ, ადვილი არ იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები ცესკოსთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან და ამ კუთხით არის მხარდაჭერა, მაგრამ საჭირო იქნება დიდი მობილიზება რათა, ის, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ,,რატომაც არა, მაგრამ რთულია“, – გაკეთდეს! ეს დროულად უნდა გაკეთდეს. უბნების გახსნა არ ხდება არჩევნებამდე ერთი თვით, თუ ორმოცი დღით ადრე, ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ამაზე ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილმა დიასპორის წევრებს მიმართა, რომ როდესაც საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით 50 ადამიანის ხელმოწერთ დოკუმენტი მომზადება, დოკუმენტის დედანი საკონსულოში მიიტანონ, ასლი კი მასაც გაუგზავნონს.

„მე გთხოვთ, რომ ამ დოკუმენტის ასლი გაგზავნოთ ცესკოში და ასევე, ჩვენთან [პრეზიდენტის ადმინისტრაციაში] იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ საგარეოდან. ცესკო გვეუბნება, რომ თუ არ მიიღებს ინფორმაციას საგარეოდან, ვერ დაიწყებს უბნის გახსნისათვის საჭირო ღონისძიებებსა და ძალისხმევას შენობის დაქირავებისა თუ ყველა სხვა იმ ზომების შესახებ, რაც უბნის დროულად გახსნისათვისაა საჭირო. ეს ახლა უნდა მოხდეს, ახლა უნდა დაიწყოს ცესკომ ამაზე მუშაობა.

ამიტომ, თქვენ, ვინც მოწადინებული ხართ, რომ მოითხოვოთ უბნის გახსნა, უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა, მეორე – გადააგზავნოთ დედანი საკონსულოში, და მერე ჩვენც დაგეხმარებით იმაში, რომ საგარეოდან მივიღოთ პასუხი, რაზეც გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ჩვენთან ბოლო შეხვედრაზე როცა ცესკო, ელჩები და არასამთავრობოები იყვნენ წარმოდგენილი, საგარეომ თავისი წარმომადგენელიც არ გამოუშვა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ, უნდა ვიბრძოლოთ. დაბოლოს, ყოველთვის არის იმის საშუალება და კარგი ნიშანი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ და აქ მისცეთ ხმა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ჯერ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად მივაღწიოთ საარჩევნო უბნები გაიხსნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არალეგალურად მცხოვრები ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხეს ეხებოდა.

,,არალეგალურად მცხოვრები ადამიანებისათვის დეპორტის საშიშროება არ არსებობს. ამის დასტური მივიღე ელჩებისგან, რომლებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი.

არ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები იდენტიფიკაციისათვის იყოს გამოყენებული, რათა შემდგომში ამ ადამიანების დეპორტი მოხდეს. ამის ბევრი მაგალითია – ბევრი სხვადასხვა ქვეყნების არჩევნები ტარდება საელჩოებში, ან სხვადასხვა უბნებში, იქ რიგებია იმ ადამიანების, რომელთა დიდი ნაწილი არალეგალები არიან და ეს, ამ ფორმით, არ არის გამოყენებული [დეპორტაციისათვის] და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

ზოგჯერ ვრცელდება [მსგავსი ინფორმაცია] საშიშროებასა და საფრთხეზე, სწორედ იმისთვის რომ ადამიანები არ მივიდნენ და არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ესეც არის რაღაც ფორმის პროპაგანდა – ანტისაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც უნდა დავძლიოთ და ვიცოდეთ, რომ ეს [არჩევნებში მონაწილეობა] შეიძლება. მიდით თქვენს საელჩოებში (მიდიხართ კიდეც სხვადასხვა საჭიროებისათვის) და ეს არასოდეს ყოფილა დეპორტის მიზეზი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი